„პიოტრ იანს ვურჩევთ, დვალიშვილს რუსული ისტორიის კურსი შეახსენოს“ - რუსული გამოცემა
რუსულმა სპორტულმა ვებგვერდმა, Sovsport.ru-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც მერაბ დვალიშვილზე და მის მეგობარზე, ალჯამეინ სტერლინგზე საუბრობს. „დვალიშვილი და სტერლინგი ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და მხოლოდ პიოტრ იანს შეუძლია, მათ პასუხი აგებინოს“, - ასეთია სტატიის სათაური და აი, რას წერს რუსული გამოცემა:
„მერაბ დვალიშვილმა და ალჯამეინ სტერლინგმა რუსეთზე ნეგატიურად კიდევ ერთხელ ისაუბრეს. ტროლები ჩვენს ქვეყანაზე და მის მოსახლეობაზე ლაპარაკს განაგრძობენ. დღეს, UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გამოირჩა და განაცხადა: „ყველაზე მეტად კავკასიის რეგიონში მცხოვრები დაღესტნელი და ჩეჩენი გულშემატკივრები მაღიზიანებენ. ისინი ძალიან მიყვარს და მაგარი ბიჭები არიან, მაგრამ ბრძოლების ანალიზების გაკეთება არ შეუძლიათ. რატომ? როცა რომელიმე მებრძოლის გამარჯვების შანსებზე საუბრობენ, იმის მიხედვით მსჯელობენ, მის წინა ჩხუბებში რა ნახეს. როცა მე ვამბობ, რომ მისმა მეტოქემ კარგი სამუშაო გასწია, მწერენ, რომ ჰეიტერი ვარ. რანაირად ვარ ჰეიტერი, როცა უბრალოდ ბრძოლის ანალიზს ვაკეთებ“.
სტერლინგის ეს განცხადება შედარებით მსუბუქია, მაგრამ პირველი ნამდვილად არაა. აი, მერაბ დვალიშვილს რაც შეეხება, რომელიც 12 მარტს, პიოტრ იანს დაუპირისპირდება, მან კიდევ ერთხელ სცადა, რუსი მებრძოლისთვის გადაევლო და რუსეთის ფედერაციასაც შეეხო: „ეს ჩვეულებრივი ბრძოლა არაა. გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო ჩხუბი, რადგან როგორც იცით, რუსეთს ჩემი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს და ჩემი ხალხისთვის უნდა ვიბრძოლო. გვინდა თუ არა, რუსეთ-საქართველოს თემას თავს ვერ ავარიდებთ. მაქსიმუმი უნდა გავაკეთო, გავიმარჯვო და ჩემს ხალხს სიამაყის საფუძველი მივცე. პიოტრი კარგი მებრძოლია, მაგრამ სულელია. სჯობს, დარწმუნდეს, რომ წესები იცის, რადგან ალჯოს წინააღმდეგ აკრძალული ილეთი გამოიყენა. და კიდევ, როცა აბუ-დაბიში შევხვდი, ჩემ მიმართ უპატივცემულოდ მოიქცა“, - განაცხადა მერაბმა.
გვინდა პიოტრ იანს ვურჩიოთ, რომ მერაბ დვალიშვილს რუსული ისტორიის კურსი შეახსენოს და ეს UFC-ის ოქტაგონზე გააკეთოს. ამასთან, ის ჩუმადაც არ უნდა იყოს და ალჯამეინ სტერლინგს გეოგრაფიის კურსი ჩაუტაროს“, - წერს რუსული ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და იანის დაპირისპირება თბილისის დროით, 12 მარტს გაიმართება და UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენა იქნება.