მამარდას 5 სეივი - ვალენსიამ მაინც წააგო
ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურის დასკვნით მატჩში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ხეტაფეს“ დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, კვლავ დამარცხდა.
ტრადიციულად, ქართველი მეკარე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ამ დროის განმავლობაში მასპინძლები მამარდაშვილის კარს ექვსჯერ დაემუქრნენ, 5 შემთხვევაში კი გამარჯვებული ქართველი კიპერი დარჩა.
განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ეპიზოდები მამარდაშვილმა პირველი ტაიმის მიწურულს გვაჩუქა, როდესაც 1-წუთიან მონაკვეთში 3 ბურთი მოიგერია და „ვალენსია“ აშკარა გოლისგან იხსნა.
ქართველ მეკარეს კიდევ ერთი ლამაზი ეპიზოდი მეორე ტაიმშიც ჰქონდა, როდესაც ბორხა მაიორალს პირისპირ აუღო, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და ეს სეივი სტატისტიკაშიც არ ჩაწერილა.
მადრიდელებმა მამარდას კარის აღება 82-ე წუთზე შეძლეს. კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს „ღამურების“ მცველების შეუთანხმებელი მოქმედება მოჰყვა, რომლითაც ყველაზე კარგად მაიორალმა იზეიმა და საბოლოოდ, გამარჯვების გოლიც გაიტანა.
22 ტურის შემდეგ „ვალენსიას“ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-19 ადგილზე იმყოფება, მე-17 ადგილს კი ორი ქულა აშორებს.
ბარახას გუნდი მომდევნო შეხვედრას 25 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.