„მრავალმხრივი ფეხბურთელი“ | Goal-მა ჩაკვეტაძე დაახასიათა
GOAL-ის იტალიურმა ვერსიამ საკუთარ მკითხველს ის ფეხბურთელები გააცნო, რომლებიც სერია A-ს წარმომადგენელმა კლუბებმა უცხოეთიდან, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეიძინეს. მათ შორის გიორგი ჩაკვეტაძეცაა. ქართველმა ფეხბურთელმა „უოტფორდის“ რიგები დატოვა და 2026/27 წლების სეზონში „უდინეზეში“ იასპარეზებს.
„გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან მრავალმხრივი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია, როგორც შემტევ ნახევარმცველად, ისე გარემარბად და ცენტრალურ ნახევარმცველად ითამაშოს. ის საქართველოს ნაკრების საკვანძო ფეხბურთელია — ტექნიკური მოთამაშე, რომელსაც გოლის გატანის ალღოც აქვს.
„უდინეზეს“ მთავარ მწვრთნელს, კოსტა რუნიაიჩს შეეძლება, ჩაკვეტაძე სხვადასხვა პოზიციაზე გამოიყენოს: როგორც 5-ნახევარმცველიან სქემაში ერთ-ერთ ნახევარმცველად, ისე დევისის უკან, მეორე თავდამსხმელად. ჩაკვეტაძეს გარანტირებული არ აქვს, რომ მუდმივად სასტარტო შემადგენლობის წევრი იქნება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მომდევნო სეზონში ბევრ სათამაშო დროს მიიღებს“, — წერს GOAL-ი.
ცნობისთვის, ქართველ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და ჯერჯერობით გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს. იტალიური პრესის ინფორმაციით, „ჩაკვე“ სეზონის დასაწყისისთვის სათამაშოდ მზად იქნება. „უდინეზეს“ პირველი შეხვედრა 15 აგვისტოს, იტალიის თასზე, „პადოვას“ წინააღმდეგ ელის. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.