შენგელიას 13 ქულა და ბოლონიას მოულოდნელი მარცხი
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის სერია A-ში მორიგი შეხვედრა გამართა და სენსაციურად შინ „სკაფატისთან“ 77:84 დამარცხდა.
თოკო შეხვედრაში თადარიგიდან ჩაერთო. ტრავმის შემდეგ, ძველებურ ფორმას ნელ ნელა უახლოვდება. ამჯერად შენგელიამ ჯამში 20 წუთი ითამაშა, მისი მონაგარი 13 ქულა, 5 მოხნა და 1 ჩაჭრა იყო. 3-დან ორი ორქულიანი ჩააგდო, 1 ზუსტი სამიანი ისროლა და 7-დან 6 საჯარიმო გამოიყენა. ასევე 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. მეტოქეები კი მის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
მარგი ქმედების კოეფიციენტის მხრივ შენგელია „ბოლონიას“ რიგებში 17-ით საუკეთესო იყო.
ამ მარცხის შემდეგ, „ბოლონია“ სატურნირო ცხრილის სათავეში „მილანთან“ ერთად რჩება. თოკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას „ბრეშას“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.