„მოვიდა დრო, როცა მიწევს დამშვიდობება ბათუმის დინამოსთან“ - დავითაშვილი
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
21 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში სპეციალური წერილი გაავრცელა და როგორც ფეხბურთელებს, ისე სამწვრთნელო შტაბის წევრებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
რას წერს დავითაშვილი:
მოგესალმებით. მოვიდა დრო, როცა მიწევს დამშვიდობება ბათუმის დინამოსთან...
ამ გუნდში ჩემი ცხოვრების ძალიან პატარა პერიოდი გავატარე, თუმცა რამდენიმე თვემ ცხოვრებაში ბევრი დადებითი ემოცია მაჩუქა. ის, რაც ბათუმში ყოფნის პერიოდში ხალხისგან ენერგიად მივიღე, ძალიან დიდხანს გამყვება...
დიდი მადლობა ბათუმის დინამოს ყველა წევრს, შავი ზღვის პირატებს და ყველა გულშემატკივარს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ამ ზაფხულში თქვენი გახარება ევროტურნირების მატჩებში, თუმცა დარწმუნებული ვარ, ბათუმის დინამო გააგრძელებს წარმატებით წინსვლას და გაახარებს ქართველ ხალხს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი შემტევი კარიერას საფრანგეთის ლიგა 2-ის გუნდს „ბორდოში“ გააგრძელებს. L’equipe-ის ცნობით, ფეხბურთელი ახალ კლუბს იჯარის წესით შეუერთდება, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კი „ბორდოს“ დავითაშვილის გამოსყიდვის ვალდებულება ექნება.