დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ში მიდის - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი დიდი ალბათობით კარიერას ფრანგულ „ბორდოში“ გააგრძელებს. ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა Lequipe ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მხარეები ხელშეკრულების ბოლო დეტალებს აგვარებენ და ქართველი შემტევი ახალ კლუბს უახლოეს დღეებში, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეუერთდება.
გავრცელებული ინფორმაციით, „ბორდომ“ და ბათუმის „დინამომ“ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც დავითაშვილი თავდაპირველად საფრანგეთში 1-წლიანი იჯარით ითამაშებს, თუმცა კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელი ბათუმურ კლუბში 2022 წლის მარტიდან თამაშობს. რუსეთის მხრიდან უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ზურიკომ ტულას „არსენალი“ დატოვა და კარიერის გაგრძელება კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადაწყვიტა.
რაც შეეხება „ბორდოს“, ფრანგული კლუბი ამჟამად ლიგა 2-ში ირიცხება სატურნირო ცხრილში 5 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.