კონტრაქტს ხელს დღეს მოაწერს | გოგლიჩიძის უდინეზეში გადასვლა მალე დადასტურდება
საბა გოგლიჩიძე კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს. ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და მისი ოფიციალური წარდგენა უახლოეს საათებში მოხდება.
„გარიგება დახურულია! დღეს საბა გოგლიჩიძე უდინეზესთან 2029 წლამდე გათვლილ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის ერთი წლით გაგრძელება იქნება შესაძლებელი. გოგლიჩიძის ყოველწლიური ხელფასი 650 000 ევროა, ხოლო ემპოლი მის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს მიიღებს“, - წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, გოგლიჩიძე „ემპოლიში“ 2024 წლის იანვარში ქუთაისის „ტორპედოდან“ გადავიდა და გასულ სეზონში ტოსკანური კლუბის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა.
საბა რამდენიმე იტალიურ კლუბს დაუკავშირეს. ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად „სასუოლოსა“ და „კალიარიზე“ იწერებოდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა „უდინეზე“ აირჩია. გასულ სეზონში „შავ-თეთრებმა“ სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიცია დაიკავეს და გუნდის თავკაცი გერმანელი კოსტა რუნიაიჩია.