„მტრედი შურდულით მოკლა, შეწვა და შეჭამა“ | ისტორია მაურო იკარდიზე
„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხი გომესმა მაურო იკარდიზე ისაუბრა და უცნაური ისტორია გაიხსენა. ისინი „ბლაუგრანას“ აკადემიაში, „ლა მასიაში“ თამაშობდნენ და გომესს იკარდისთან გატარებული პერიოდი არასდროს დაავიწყდება.
„მე და მაურო იკარდი, 3-4 წლის განმავლობაში, ერთ ოთახში ვცხოვრობდით. მახსოვს, ერთხელ ჩემთან მოვიდა და მითხრა: „სერხი წამო, ლა მასიასთან მდებარე პარკში წავიდეთ“. პარკი იქვე იყო და ბევრ მაღალ ხეს შეხვდებოდით. იკარდიმ ხის ტოტი იპოვა, რეზინი მოაბა და შურდული გააკეთა.
ქვა აიღო და მტრედს ესროლა, რომლის დანახვაც კი ურთულესი იყო. მოარტყა და მტრედი 20-30 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა. ვკითხე, რას აკეთებ-მეთქი და მიპასუხა, ლა მასიაში დავბრუნდეთო. დავბრუნდით, მტრედს ბუმბულები გააცალა, გაასუფთავა, ცეცხლთან მიიტანა, შეწვა და ჩემ წინ შეჭამა.
წარმოიდგინეთ, მტრედი მოკლა, მოამზადა და შეჭამა... აი, ასეთია მაურო იკარდი. ის ძალიან მიყვარს და ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდით. კარგად ვიცნობ და მშვენიერი ბიჭია.“
ცნობისთვის, იკარდი „ბარსელონას“ ახალგაზრდულ გუნდში 2008-11 წლებში თამაშობდა. „ლა მასიადან“ მაურო „სამპდორიაში“ გადავიდა, სადაც პროფესიონალური კარიერის პირველი ნაბიჯები გადადგა.