„ჩემი გეგმაა ოქტაგონზე გავიდე და სახე დავუნგრიო“ - თოფურიამ ახალ მეტოქეზე ისაუბრა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ახალ მეტოქეზე ისაუბრა. „მატადორს“ მოვსარ ევლოევის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ რუსს კორონავირუსი დაუდგინდა და მას ჩარლზ ჟურდენი ჩაანაცვლებს. ჯეიმს ლინჩთან ინტერვიუში ილიამ სწორედ ჟურდენთან ბრძოლაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ კანადელის განადგურებას აპირებს.
„სიმართლე გითხრათ, როცა მასთან ბრძოლის შესახებ გავიგე, მასზე არაფერი ვიცოდი. ჩემს გუნდთან ერთად მისი ჩხუბები ვნახე და ჟურდენი ძალიან კარგი მებრძოლია. ჩემი მოსამზადებელი კემპი მოჭიდავეზე იყო ორიენტირებული, ჟურდენი კი სტრაიკერია და ისე გამოდის, რომ ბრძოლაზე მეც რამდენიმე დღით ადრე დავთანხმდი.
როგორც აღვნიშნე, იგი კარგი სტრაიკერია, მაგრამ ჩემნაირი მეტოქე არასდროს ჰყოლია. არ მგონია, რომ ერთ რაუნდზე მეტი გაძლოს, მაგრამ თუ ეს მოხდა, ჩემთვის უკეთესი იქნება, რადგან მეტ გამოცდილებას მივიღებ. მოსამზადებელი კემპისას გურამ ქუთათელაძე და მერაბ დვალიშვილი დამეხმარნენ და როგორც მენტალური, ისე ფიზიკური კონდიციების მხრივ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. წონის კლების პროცესი უპრობლემოდ მიდის და მინდა, წლეულს ძალიან აქტიური ვიყო. შესაძლოა, 2022 წელს 3-4 ბრძოლა გავმართო.
ამ ჩხუბს რაც შეეხება, ჩემი გეგმა ასეთია - ოქტაგონზე უნდა გავიდე და სახე დავუნგრიო. ბრძოლებისას ყოველთვის ვცდილობ, ჭკვიანურად ვიმოქმედო, მშვიდად ვიყო და ჩემს მომენტს დაველოდო, მაგრამ არ ვარ მებრძოლი, რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებით მოგებაზე ფიქრობს. ჩემი მიზანი მეტოქის დაფინიშებაა და ეჭვი არ მეპარება, რომ ჟურდენს დავაფინიშებ.
ჩარლზთან გამარჯვების შემდეგ, შესაძლოა, ტოპ 15-ში დამაბრუნონ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ფეხებზე მკიდია. ჩემთვის სულერთია ტოპ 15-ში ვიქნები თუ არა. ჩემი მიზანია ნომერ პირველი ვიყო და ტოპ 5-ში ან ტოპ 6-ში ყოფნით არასდროს დავკმაყოფილდები. ეს არ მაინტერესებს და ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა საჩემპიონო ქამარს დავისაკუთრებ. ჩემი მიზანი ესაა და არა ტოპ 15-ში მოხვედრა“.
შეგახსენებთ, რომ ილია ჯერჯერობით დაუმარცხებელია, ჟურდენს რაც შეეხება, კანადელ მებრძოლს კარიერაში 17 ბრძოლა აქვს გამართული. მან 12-ჯერ იმარჯვა, 4-ჯერ წააგო, ერთხელ კი ფრეს დასჯერდა. ბოლოს მან 2021 წლის 18 დეკემბერს იჩხუბა და ანდრე იუელი დაამარცხა.