„ქალთა MMA არავის აინტერესებს“ | სტრიკლენდის სკანდალური განცხადებები
შონ სტრიკლენდმა, UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა. სტრიკლენდმა ქალთა MMA-ზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამანდა ნუნიესს, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ქალ მებრძოლად ითვლება, „ჩვეულებრივი მამაკაციც დაამარცხებდა“.
„ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც ქალთა შერეული ორთაბრძოლები ფეხებზე არ ჰკიდია. ეს იგივეა, რაც WNBA (აშშ-ის ქალთა საკალათბურთო ლიგა). ქალთა სპორტი არავის არაფერში აინტერესებს. შეგიძლიათ, აქ მყოფი ყველაზე სუსტი მამაკაცი აირჩიოთ და ის ამანდა ნუნიესს დაამარცხებს. აი, ამ მსუქან ტიპს (ერთ-ერთ ჟურნალისტს მიმართავს) შეუძლია, ამანდა ნუნიესი კვირის ნებისმიერ დღეს გაანადგუროს.
არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რაც ქალებს შესანიშნავად გამოსდით — ესაა ბავშვების ყოლა, დედობა, საჭმლის გაკეთება და სახლის დალაგება. პრობლემა ისაა, მათ იმდენი ძალაუფლება მივეცით, რომ საზოგადოება გაანადგურეს.“
სტრიკლენდს სკანდალური განცხადებები წარსულშიც გაუკეთებია, თუმცა ამჯერად სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით დიდი კრიტიკა შეხვდა. მისი მომდევნო ორთაბრძოლა ენტონი ჰერნანდესის წინააღმდეგ მოახლოებულ უქმეებზეა ჩანიშნული.