„ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი თავდამსხმელი ევროპაში“ | Marca-ს სტატია მიქაუტაძეზე
გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი. „ვილიარეალის“ თავდამსხმელის პერფორმანსი ავტორიტეტულ ესპანურ გამოცემებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ და მასზე Marca-მ დაწერა.
მიქაუტაძემ საკუთარი თავი წარმოაჩინა
„მიქაუტაძე ვარსკვლავის სტატუსითა და იმ მძიმე ტვირთით მოვიდა, რომელსაც ვილიარეალის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ მის ადაპტაციას რამდენიმე თვე დასჭირდა, რომლის დროსაც თავისი ხარისხი მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებში აჩვენა, გიორგი მიქაუტაძემ საბოლოოდ წარმოაჩინა თავი იმ ბრწყინვალე ფეხბურთელად, როგორიც რეალურად არის.
ლევანტეს წინააღმდეგ ქართველმა თავდამსხმელმა ვილიარეალს მოუტანა სამი ქულა, რომელიც შესაძლოა, ძალიან ღირებული აღმოჩნდეს და ყვითელ წყალქვეშა ნავს მიზნის მიღწევაში დაეხმაროს, რაც ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა. ეს იყო გოლი, რომელიც ადასტურებს, რომ მიქაუტაძე შესანიშნავ ფორმაშია. მან ზედიზედ მესამე შეხვედრაში შეაგდო და ვილიარეალის მთავარ შემტევ ძალად დაიმკვიდრა თავი.
2026 წელს მიქაუტაძემ ხუთი გოლი გაიტანა, რაც მას ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად აქცევს. გიორგიმ ელჩესთან, ალავესთან, ესპანიოლთან და ხეტაფესთან გამოიჩინა თავი. საერთო ჯამში, ლა ლიგაში გატანილი რვა გოლით ის ამ სეზონში ვილიარეალის მეორე საუკეთესო ბომბარდირი და 2026 წელს, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი თავდამსხმელია,“- წერს Marca.
ცნობისთვის, „ვილიარეალს“ 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ მეხუთე პოზიციაზე მყოფ „ბეტისს“ 7 ქულით უსწრებს და მომდევნო შეხვედრას 22 თებერვალს, „ვალენსიასთან“ გამართავს.