„ქვესაშუალო წონაში ილიასგან საფრთხეს ვერ ვხედავ“ | ისლამ მახაჩევის კომენტარი
ისლამ მახაჩევი მიიჩნევს, რომ ქვესაშუალო წონით დივიზიონში მაიკლ მორალესი ილია თოფურიაზე უფრო სახიფათო მებრძოლია. მახაჩევმა განაცხადა, რომ ქვესაშუალო წონაში „ელ მატადორისგან“ საფრთხეს ვერ ხედავს, რადგან გაბარიტებში სხვაობა ძალიან დიდი იქნება.
„ვფიქრობ, მორალესი უფრო სახიფათო დამრტყმელია — ის მეტოქეებს თითქმის ყოველი დარტყმით აძინებს. თუ წინ დაუდგები და დარტყმებს მიიღებ, როგორც თოფურია, ისე მორალესიც სახიფათოები არიან, თუმცა არ მგონია, რომ ილია 77 კილოგრამში (ქვესაშუალო წონა) ისეთივე სახიფათო იყოს, როგორიც 70 კილოგრამშია (მსუბუქი წონა), რადგან გაბარიტები სხვაა, წონა სხვაა და სიმაღლეც განსხვავებულია.
ქვესაშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლებს ილიას წინააღმდეგ ჩხუბი ბევრად გაუმარტივდებათ. თუ თოფურია 77-ში ამოსვლას გადაწყვეტს, მისგან ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. ბევრჯერ მითქვამს, რომ ასეთი ორთაბრძოლების მომხრე ვარ — დიდი შოუ დაიდგმება, მაღალი ინტერესი იქნება და მასშტაბურ ჩხუბს ვიხილავთ.“
შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა ილიაზე რამდენიმე საათის წინაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, 2026 წელს მათი ორთაბრძოლა არ გაიმართება. „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქე, სავარაუდოდ, ჯასტინ გეიჯი იქნება და ისინი მსუბუქი წონის აბსოლუტური ჩემპიონის ვინაობას გაარკვევენ.