გიორგი მამარდაშვილი, არნე სლოტი
Aa
Aa

„მესმის, რომ იმედგაცრუებულია“ - სლოტმა მამარდაზე ილაპარაკა

პრემიერლიგის მორიგ ტურში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ნოტინგემს“ ესტუმრება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მერსისაიდელთა მთავარ მწვრთნელს, არნე სლოტს ქართველ მეკარეზეც ჰკითხეს. კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ არ ათამაშა სლოტმა მამარდაშვილი ასოციაციის თასზე „ბრაიტონთან“ შეხვედრაში.

რა თქვა სლოტმა:

„ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ „ბრაიტონთან“ ასოციაციის თასზე არა მამარდაშვილმა, არამედ ალისონმა ითამაშა, მოულოდნელობა არ ყოფილა. მართალია, შარშან სხვაგვარი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ როგორც წესი მეორე მეკარეს ლიგის თასზე ვათამაშებ, ხოლო ასოციაციის თასზე უშუალოდ მატჩის წინ ვიღებ გადაწყვეტილებას.

წინა წრეში „ბარნსლისთან“ გიორგიმ ითამაშა, ვინაიდან ალისონი ტრავმის შემდეგ ახალი დაბრუნებული იყო და მისი დაყენება არ გავრისკეთ. შესაბამისად, ასოციაციის თასზე მეკარეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ზუსტად ისე მივიღებთ, როგორც მოედნის ფეხბურთელებთან დაკავშირებით - ითამაშებს ის, ვინც იმ მომენტში დაგვჭირდება.

ასევე მესმის, რომ ეს იმედგაცრუება იყო გიორგისთვის, ვინაიდან ის ძალიან კარგი მეკარეა. როდესაც ალისონი ტრავმირებული იყო და მამარდაშვილს თამაში უწევდა, მან კარგად წარმოაჩინა თავი. თუმცა, თუ [ბრაიტონთან მატჩში] შემადგენლობას გადახედავთ, ნახავთ, რომ სასტარტოს ფეხბურთელები ვათამაშე, შესაბამისად, კარშიც პირველი მეკარე გვყავდა. თუმცა ახლა ვერ გეტყვით, რა იქნება ასოციაციის თასის მომდევნო შეხვედრაში“.

ცნობისთვის, ალისონ ბეკერის გამოჯანმრთელების შემდეგ (22 ნოემბრიდან) მამარდაშვილმა მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა - ასოციაციის თასის მესამე რაუნდში, „ბარნსლისთან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დუბლის გაფორმებაც შეეძლო“ - ესპანური პრესა მიქაუტაძეზე
„დუბლის გაფორმებაც შეეძლო“ - ესპანური პრესა მიქაუტაძეზე