ბასილაშვილი: ''სპონსორი არასდროს მყოლია, ძალიან რთული გზა გავიარე''
Aa
Aa

ბასილაშვილი: ''სპონსორი არასდროს მყოლია, ძალიან რთული გზა გავიარე''

ინდიან უელსის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელ ტეილორ ფრიცს ორ სეტში 7:6 (7:5), 6:3 მოუგო და ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა.

შეხვედრაში, რომელიც 1 საათი და 43 წუთი გრძელდებოდა, ბასილაშვილმა თავისი საუკეთესო ფორმის დემონსტრირება მოახდინა და ამერიკელ მეტოქეს სეტის მოგების შანსიც არ მისცა.

შეხვედრის შემდეგ ბასილაშვილმა რამდენიმე თემაზე ისაუბრა, მათ შორის პროფესიული კარიერის საწყის პერიოდს შეეხო, როცა ფინანსური კუთხით ხელშეწყობა არ ჰქონდა.

''ჩემი კარიერა მე შევქმენი, ძალიან რთული გზა გამოვიარე. ახალგაზრდულ ასაკში ვიცოდი, რომ კარგ ჩოგბურთს ვერ ვითამაშებდი, გამოცდილების მიღება მჭირდებოდა. არასდროს მქონია შესაძლებლობა, რომ ტურნირში მონაწილეობა ''ვაილდ ქარდით'' მიმეღო. ჩემი ქვეყნიდან ხელშეწყობა არ მქონია, რადგან საქართველოში ჩოგბურთი პოპულარული არაა, სპონსორი არასდროს მყოლია. თამაშიდან თამაშამდე გამოცდილებას ვაგროვებდი, აქ მოსახვედრად ეს გზა უნდა გამევლო, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ''.

ბასილაშვილი კარიერაში პირველად მასტერსის ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ბრიტანელი კამერონ ნორი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში გრიგორ დიმიტროვს ასევე ორ სეტში 6:2, 6:4 მოუგო.

აქვე გეტყვით, რომ ფინალი 18 ოქტომბერს, გამთენიისას 03:00 საათზეა ჩანიშნული. ტურნირის საპრიზო ფონდი კი 9 146 125 დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები