ამერიკის ღია პირველობა - გორგოძე კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ეკო გორგოძე ბერძენ დესპინა პაპამიხაილს დაუპირისპირდა და ორ სეტში დაამარცხა.
პირველ სეტს ქართველი ჩოგბურთელი დამაჯერებლად, 2-ბრეიკიანი უპირატესობით, 5:1-ს იგებდა, თუმცა ბერძენმა წონასწორობის აღდგენა შეძლო და საბოლოოდ გამარჯვებული ტაი-ბრეიკზე გაირკვა, სადაც ეკო უკეთესი იყო და 7:3 მოიგო.
მეორე სეტი გორგოძემ აქტიურად დაიწყო და უმალ, მეორე გეიმში ბრეიკი შეასრულა. ბერძენმა წონასწორობის აღდგენა შეძლო, მაგრამ საკუთარი ჩაწოდება ისევ დათმო და ეკო წინ გავიდა. მე-7 გეიმში წონასწორობა კვლავ აღდგა. საბოლოოდ ტაი-ბრეიკი - 7:2 და ეკო ფინალში გავიდა.
ამ გამარჯვების შემდეგ, გორგოძე კვალიფიკაციის ფინალში გავიდა და ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
ცნობისთვის, კვალიფიკაციის ფინალში კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე გავიდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი კი კვალიფიკაციის პირველ რაუნდში დამარცხდა.