მარცხი ორ სეტში | ბასილაშვილი US Open-ის ძირითად ბადეში ვერ ითამაშებს
აშშ-ის დიდი სლემის, US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილი სამხრეთკორეელ ჰონ სონ ჩანს დაუპირისპირდა. ქართველი ჩოგბურთელი ორ სეტში დამარცხდა და 3:6, 6:7(1) წააგო.
ბასილაშვილმა პირველი სეტი კარგად დაიწყო და ზედიზედ ორი გეიმი მოიგო, თუმცა მეტოქეს უკუბრეიკის შესრულების საშუალება მისცა. 3:3-ზე ნიკამ თავისი მოწოდება დათმო და სეტი ვეღარ გადაარჩინა. მეორე პარტიაში საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელიც ბასილაშვილმა უშანსოდ, 1:7 წააგო.
მატჩი 1 საათსა და 51 წუთს გაგრძელდა. ნიკამ 4-დან 1 ბრეიკპოინტი გამოიყენა, მისმა მეტოქემ — 11-დან 3. ბასილაშვილს 43 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, 3 ეისი მოაწოდა და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ნიკოლოზის მოწინააღმდეგე ATP-ის რეიტინგში არაა. 2024 წლის ოქტომბერში ჰონ სონ ჩანმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა გადაწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა. 18 თვის განმავლობაში ის სამხრეთ კორეის ჯარში მსახურობდა და ჩოგბურთს 2026 წლის აგვისტოში დაუბრუნდა.
პირველი შეხვედრა მან ცინცინატის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩაკ ლამ კოულმან ვონგის წინააღმდეგ გამართა და ორ სეტში დამარცხდა. ვონგის შემდეგ მან ენრიკე როშასთან წააგო და სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებულმა პირველი გამარჯვება ბასილაშვილთან მოიპოვა.