''სუიციდზე ვფიქრობდი, ქუჩაში გასვლის მრცხვენოდა'' - მოჯი 2006 წლის სკანდალზე
Aa
Aa

''სუიციდზე ვფიქრობდი, ქუჩაში გასვლის მრცხვენოდა'' - მოჯი 2006 წლის სკანდალზე

ტურინის ''იუვენტუსის'' ყოფილმა მმართველმა, ლუჩიანო მოჯიმ იტალიური ფეხბურთისთვის უმძიმესი პერიოდი, 2006 წელი გაიხსენა, როცა კორუფციული სკანდალის გამო ტურინულ გრანდს სერია ა-ს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და სერია ბ-ში დააქვეითეს.

იტალიურ მედიაში მოჯის კომენტარი Netflix-ის დოკუმენტური ფილმიდან, Bad Sport-იდან გავრცელდა. მოჯიმ ამ თემაზე ხსენებულ ფილმში ისაუბრა.

''ქუჩაში გასვლისაც კი მრცხვენოდა, ბევრ რამეზე ვფიქრობდი, მათ შორის თვითმკვლელობაზე. თითქოს მე ხის კენწეროში ვიყავი და ქვევით მდგომი ყველა პირი მზად იყო, რომ ჩემთვის ესროლა. სკანდალიდან პირველი 10 დღე კოშმარული იყო.

ტელევიზია, რადიო, გაზეთები - ყველგან იტალიური ფეხბურთის სკანდალზე საუბრობდნენ. ეს ყველაფერი მაძლევდა ბიძგს, რომ თვითმკვლელობაზე მეფიქრა და ყველაფერი დამესრულებინა. მადლობა ღმერთს, ჩემს თავში მოვნახე ძალა და გავაგრძელე ცხოვრება''.

84 წლის ფუნქციონერი 80-იან წლებში "ნაპოლიში" მუშაობდა, 1994-2006 წლებში კი "იუვენტუსის" მმართველი დირექტორი გახლდათ.

"სათვალიანი გენიოსი" 2006 წელს სკანდალში გაეხვა და "კალჩოპოლში" მისი ბრალეულობის გამოკვეთის გამო, ფეხბურთში საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები