„საქართველოს ნაკრებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს“ - კვერნაძის კომენტარი
გიორგი კვერნაძე ბოლო პერიოდში იმდენად კარგ ფორმაში იყო და იმდენად უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებდა, რომ მისთვის სერია A-ში სადებიუტო ბურთის გატანა უბრალოდ დროის საკითხი გახლდათ და სხვა არაფერი. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლიგაში 23 წლის ქართველმა შემტევმა პირველი გოლი ზუსტად მაშინ გაიტანა, როდესაც ეს გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა და „ფროზინონეს“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ბუნებრივია, „ვენეციასთან“ მატჩის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლების მთავარი სამიზნე გამარჯვებული გუნდის მეჩვიდმეტე ნომერი იყო.
გიორგი კვერნაძე
შარშანდელ სეზონში ყველაფერი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ სერია A-ს საგზური მოგვეპოვებინა, წელს კი ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ ელიტაში ადგილი შევინარჩუნოთ. რატომ ვერ ვხვდები საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში? იქ ჩვენთან, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ასპარეზობს და იმედი მაქვს, რომ სულ მალე ერთად ვითამაშებთ.
ცნობისათვის, წლევანდელ სეზონში გიორგი კვერნაძის ანგარიშზე უკვე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. იტალიის თასზე „იუვე სტაბიასთან“ მის ანგარიშზე დუბლი და ასისტი იყო, „ფიორენტინასთან“ მხოლოდ საგოლე გადაცემით დაკმაყოფილდა, ხოლო დღეს, როგორც უკვე მოგახსენეთ, „ვენეციასთან“ იტალიის სერია A-ში სადებიუტო გოლი გაიტანა, რის გამოც ეს შეხვედრა ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე ემახსოვრება.