ჯოკოვიჩი სეზონურ სლემამდე ერთ ნაბიჯში - ფინალი მედვედევთან
Aa
Aa

ჯოკოვიჩი სეზონურ სლემამდე ერთ ნაბიჯში - ფინალი მედვედევთან

ამერიკის ღია პირველობის 2021 წლის ფინალურ მატჩში ნოვაკ ჯოკოვიჩი და დანილ მედვედევი ითამაშებენ. სერბი ვარსკვლავი, რომელმაც მიმდინარე სეზონში გამართული სამივე დიდი სლემის ტურნირი მოიგო, „გრან სლემის“ შესრულებასთან ერთ ნაბიჯშია. მან ნახევარფინალში ალექსანდრ ზვერევს რთულ ბრძოლაში - 4:6; 6:2; 6:4; 4:6; 6:2 აჯობა.


„ფინალური მატჩისთვის ისე მოვემზადები, თითქოს ბოლო თამაში იყოს, რადგან, შესაძლოა, ის ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოდგეს - ან, შეიძლება, არც გამოდგეს, არ ვიცი. თუმცა, ამ სეზონში რომ უმნიშვნელოვანესია, უდავოა. ეს იქნება ბრძოლა მეტოქესთან, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია, დანილ მედვედევთან.“

ამის შემდეგ „ნოლეს“ კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს და მან კობი ბრაიანტის მიერ 2009 წლის NBA-ს ფინალში, როდესაც „ლეიკერსი“ „ორლანდოს“ 2:0-ს უგებდა, ფრაზა გაიმეორა.

„ჯერ აქ გასაბედნიერებელი არაფერია, საქმე ჯერ არ დამთავრებულა“.

ჯოკოვიჩს „გრან სლემის“ შესრულებამდე მხოლოდ მედვედევის ბარიერის გადალახვა რჩება. თუკი იგი ამას შეძლებს, როდ ლეივერის შემდეგ პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი გახდება, რომელიც სეზონში ოთხივე დიდი სლემის ტურნირს მოიგებს. ლეგენდარულმა ავსტრალიელმა ეს 1969 წელს გააკეთა.

სლემის მე-3 ფინალი - მედვედევი პირველი ტიტულის მოლოდინში

დანილ მედვედევმა ნახევარფინალური მატჩი მე-12 ნომრად განთესილ კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს დამაჯერებლად - 6:4; 7:5; 6:2 მოუგო და დიდი სლემის ტურნირების ფინალში მესამედ გავიდა.


„უცნაური მატჩი იყო, განსაკუთრებით მისი მეორე სეტი. ვფიქრობ, ყველას ჰქონდა შეგრძნება, რომ თუ ანგარიში გათანაბრდებოდა, შემდეგ ნებისმიერ რამ შეიძლებოდა, მომხდარიყო. საბედნიეროდ, სეტ-პოინტები მოვიგერიე და თამაში ჩემი სცენარით წავიდა. არ ვფიქრობ, რომ ჩემი საუკეთესო ჩოგბურთი ვითამაშე, მაგრამ ფინალში გასვლით ბედნიერი ვარ.“

დანილ მედვედევი პირველი რუსი მამაკაცია, ვინც US Open-ის ერთზე მეტ ფინალში გასვლა შეძლო.

ისიც ვთქვათ, რომ მედვედევმა 2019 წლის US Open-ის ფინალში რაფა ნადალთან 5-სეტიანი ბრძოლა დათმო, წლევანდელ ავსტრალიის ღია პირველობაზე კი ჯოკოვიჩთან 3 სეტში დამარცხდა.

US Open-ის მამაკაცთა ფინალური მატჩი კვირას, 00:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები