Aa Aa
4 სექტემბერი 2021  |  14:54

"მოგებაც კი არ მიხარია" - ოსაკამ დეპრესიის გამო ისევ კარიერული პაუზა აიღო

ნაომი ოსაკას ბოლო წლების განმავლობაში მენტალური პრობლემები აქვს, რის შესახებაც მაისში ვრცელი წერილი გაავრცელა. დიდი სლემების 4-გზის ჩემპიონი წერდა, რომ წლებია დეპრესია აწუხებს და მასთან გამკლავება ძალიან უჭირს. ვისაც აინტერესებს, მის ამ პრობლემაზე კონკრეტულად სტატიის მეორე თავში ვისაუბრებ, იქამდე კი ახალი ამბავი.

ოსაკამ ნიუ იორკში მიმდინარე წლის ბოლო დიდი სლემის ტურნირ US Open-ზე, მოქმედი ჩემპიონის რანგში, ლეილა ფერნანდესთან 7:5; 6:7; 4:6 წააგო და გათამაშებას დაემშვიდობა.

23 წლის აზიელმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ჩოგბურთისგან მორიგ პაუზას იღებს და არ იცის, კორტზე როდის დაბრუნდება.

„მოგება არ მიხარია, წაგებას კი ძალიან განვიცდი“ - რა თქვა ოსაკამ

„ახლა იმ მდგომარეობაში ვარ, როცა ცდილობ, გაარკვიო, რისი გაკეთება გინდა. თამაშის მოგება არ მიხარია, წაგებას კი ძალიან განვიცდი და არ მგონია, ეს ნორმალური იყოს. გარკვეული პერიოდით ჩოგბურთისგან პაუზის აღებას ვაპირებ და არ ვიცი, კორტზე როდის დავბრუნდები. ამის გამო ყველასთან ძალიან ვწუხვარ.

ზოგადად, გამოწვევები მიყვარს, მაგრამ ბოლო დროს ძალიან ვღელავ, როცა რაღაც ჩემი გეგმის მიხედვით არ მიდის. პატარა ბავშვივით ვარ და არ ვიცი, ეს რატომ ხდება.“

რა სჭირს ოსაკას - მისი განმარტება

ოსაკამ თავისი ფსიქიკური პრობლემების შესახებ წლევანდელი „როლან გაროსის“ დაწყებამდე ისაუბრა. იგი ტურნირს მოეხსნა, რის მიზეზადაც ის დაასახელა, რომ პარიზში თავს დაუცველად გრძნობდა და მუდმივ შფოთთან ბრძოლა უწევდა.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის ტრივიალიზაციას არასდროს მოვახდენ და ამ ტერმინს არც სიტყვის მასალად გამოვიყენებ. 2018 წლის US Open-ის შემდეგ დეპრესია მაწუხებს და მასთან გამკლავება ძალიან მიჭირს. ვინც მიცნობს, იცის, რომ ინტროვერტი ვარ და ჩოგბურთელებსაც, ვისაც ტურნირებისას ვუნახივარ, შეუმჩნევია, რომ უმეტესად ყურსასმენებით დავდივარ, რადგან ეს სოციალურ შფოთთან გამკლავებაში მეხმარება.

მართალია, საჩოგბურთო პრესას ჩემ მიმართ ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა (აქვე მოვუბოდიშებ ყველა კარგ ჟურნალისტს, რომლებიც გავანაწყენე), მაგრამ ბუნებრივად არ ვარ ადამიანი, რომელსაც საჯაროდ საუბარი შეუძლია. ძალიან დიდი შფოთი მეუფლება, როცა მედიის წარმომადგენლებთან ლაპარაკი მიწევს. ძალიან ვნერვიულობ და ჩემთვის ძალიან სტრესულია კონტაქტში შესვლა და თქვენთვის საუკეთესო პასუხების გაცემა.“

ნაომი ოსაკა ბოლო წლებში ქალთა ჩოგბურთის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია. მან უკვე დიდი სლემის 4 ტურნირი მოიგო - ავსტრალიისა (2019 და 2021) და ამერიკის ღია პირველობები (2018 და 2020) 2-2-ჯერ. იგი პირველი აზიელი ჩოგბურთელია, რომელიც ერთეულთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახლდათ.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში