ალექსანდრ ზვერევი, ბენ შელტონი
Aa
Aa

პირველი გერმანელი ბორის ბეკერის შემდეგ | ზვერევმა US Open მოიგო

ალექსანდრ ზვერევმა „როლან გაროსის“ შემდეგ დიდი სლემის კიდევ ერთი ტურნირი მოიგო. გერმანელი ჩოგბურთელი US Open-ის გამარჯვებული გახდა. აშშ-ის ღია პირველობის ფინალში ზვერევი ბენ შელტონს დაუპირისპირდა და მასპინძელი ჩოგბურთელი ოთხ სეტში დაამარცხა — 6:3, 7:6(2), 5:7, 6:2.

შეხვედრა 3 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა და საინტერესო დასასრული ჰქონდა. ბოლო სეტში, 5:2-ზე ზვერევი მატჩზე აწვდიდა და გეიმი უშეცდომოდ ჩაატარა, თუმცა გამარჯვება არ აღუნიშნავს და შელტონის მოწოდებისთვის მზადება დაიწყო. შეხვედრის შემდეგ გერმანელმა ჩოგბურთელმა აღიარა, რომ ანგარიში არ ახსოვდა და ეგონა, 5:1-ს იგებდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც ამ ტურნირზე მუშაობდნენ. ბოდიშს გიხდით, რომ ჩემ გამო დილის 4 ან 5 საათზე გიწევდათ დაძინება. პირველ წრეში წაგებასთან ორ ქულაში ვიყავი. ბედნიერი ვარ, რომ ის შეხვედრა მოვიგე, თორემ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

ვფიქრობ, ამაზე ბევრჯერ მილაპარაკია, მაგრამ უფალმა დაინახა, რა სირთულეების გავლა მოგვიწია და რამხელა იმედგაცრუებებს შევეჩეხეთ. დაინახა და თქვა: „იცი, რა? ეს თქვენი წელია. მისით სიამოვნება მიიღეთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ“. მეც სიამოვნებას ვიღებ — ჩოგბურთის თამაში მომწონს. მაგალითად, „როლან გაროსზე“, როდესაც დიდი სლემის ტურნირი პირველად მოვიგე, ძალიან ვნერვიულობდი, დღეს კი უბრალოდ ჩოგბურთითა და კორტზე ყოფნით სიამოვნებას ვიღებდი.

ეს საოცარი შეგრძნებაა. ბედნიერი ვარ, რომ დიდი სლემის ტურნირების ორგზის გამარჯვებული ვარ. სამი თვის წინ ჩემთვის რომ გეთქვათ, კარიერაში დიდი სლემის ერთ ტურნირს მოიგებო, ამაზე ხელს მოვაწერდი. ახლა სამ თვეში ორი ტიტული მოვიგე და ეს დაუჯერებელი შეგრძნებაა, სიტყვებით ვერ აღვწერ. რაც შეეხება ბოლო გეიმს, სიმართლე გითხრათ, მეგონა, ანგარიში 5:1 გახდა. ვიცოდი, რომ ორი ბრეიკით ვიგებდი, მაგრამ მატჩი გრძელი გამოვიდა და თან რთული ორი კვირა იყო. თუმცა, საერთო ჯამში, ბედნიერი ვარ“, — განაცხადა ზვერევმა.

საინტერესოა, რომ ზვერევი ბორის ბეკერის შემდეგ პირველი გერმანელი ჩოგბურთელია, რომელმაც US Open-ი მოიგო. გარდა ამისა, ღია ერაში იგი მეორე გერმანელი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში დიდი სლემის ერთზე მეტი ტურნირი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო“ - მუჯირი კვარას ოლისესთან შედარებაზე
„ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო“ - მუჯირი კვარას ოლისესთან შედარებაზე