მე-4 დიდი სლემი კარიერაში - ნაომი ოსაკამ AUS OPEN-ი მოიგო!
Aa
Aa

მე-4 დიდი სლემი კარიერაში - ნაომი ოსაკამ AUS OPEN-ი მოიგო!

მელბურნში მიმდინარე წლის პირველ დიდი სლემის ტურნირ ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა თანრიგის ფინალში ერთმანეთს იაპონელი ნაომი ოსაკა და ამერიკელი ჯენიფერ ბრეიდი დაუპირისპირდნენ.

1 საათსა და 19 წუთში, 23 წლის ოსაკამ საკმაოდ დამაჯერებლად - 6:4, 6:3 მოიგო და კარიერაში დიდი სლემის ტურნირი მეოთხედ დაისაკუთრა.

აზიელმა ნახევარფინალურ მატჩში ლეგენდარულ სერენა უილიამსს ორ სეტში - 6:3; 6:4 აჯობა და დიდი სლემის ტურნირების ფინალში მეოთხედ გავიდა. მნიშვნელოვანია, რომ იაპონელმა ფინალებში 100%-იანი სვლა გააგრძელა. იგი მონიკა სელეშის შემდეგ პირველი ქალი ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი სლემის პირველ ოთხ ფინალში წარმატებას მიაღწია.

ზოგადად, ღია ერაში მხოლოდ 3 მოთამაშეა, რომელმაც დიდი სლემის მისთვის პირველი 4 ფინალი ტიტულით დაასრულა - მონიკა სელეში, როჯერ ფედერერი და ნაომი ოსაკა.

რაც შეეხება ბრეიდის, 25 წლის ამერიკელი დიდი სლემის ტურნირების ფინალში კარიერაში პირველად ასპარეზობდა. აქამდე მისი მთავარი მიღწევა გასული წლის ამერიკის ღია პირველობაზე ნათამაშები 1/2 ფინალი გახლდათ.

ნაომი ოსაკამ კონკრეტულად ავსტრალიის ღია პირველობა მეორედ მოიგო - 2019 წლის ფინალში პეტრა კვიტოვას აჯობა. მას ასევე 2-ჯერ ამერიკის ღია პირველობა აქვს მოგებული.

მიღწეული წარმატებით, ოსაკა WTA-ის რეიტინგში ორშაბათიდან 1 საფეხურით დაწინაურდება და მსოფლიოს მე-2 ჩოგანი იქნება. ბრეიდი კი ერთბაშად 11 პოზიციას მოიგებს და WTA-ის კლასიფიკაციის მე-13 ადგილზე დამკვიდრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები