რეკორდი ისევ გადაიდო! - 20 წლის ნაომი ოსაკამ US Open-ის ფინალში სერენა უილიამსს მოუგო!
Aa
Aa

რეკორდი ისევ გადაიდო! - 20 წლის ნაომი ოსაკამ US Open-ის ფინალში სერენა უილიამსს მოუგო!

20 წლის იაპონელი ჩოგბურთელი, ნაომი ოსაკა US Open-ის 2018 წლის გამარჯვებული გახდა და კარიერის პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

ახალგაზრდა აზიელმა ფინალამდე ლორა ზიგმუნდი, ჯულია გლუშკო, ალექსანდრა სასნოვიჩი, არინა საბალენკა, ლესია ცურენკო და მედოსონ კიზი დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი სერენა უილიამსის პირისპირ წარსდგა.

ოსაკამ მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და მეტოქეს ძალიან ზუსტი, ზომიერად აგრესიული და ტაქტიკურად გამართული თამაში შესთავაზა, რასაც უმცროსი უილიამსი სათანადოდ წინ ვერ აღუდგა და 2:6; 4:6 წააგო.

არადა, სერენას კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, რომ მარგარეტ კორტის მაჩვენებელს გათანაბრებოდა, რაც დიდი სლემის 24 ტიტულის მოგებას გულისხმობს.

შეხვედრა უაღრესად ნერვული გამოდგა. მეორე სეტის მე-5 გეიმისას, მსაჯმა უილიამსს გაფრთხილება მისცა, რამაც ამერიკელის უკმაყოფილება და შელაპარაკება გამოიწვია. იგივე განმეორდა სეტის ბოლოსაც, როცა გამოცდილმა პორტუგალიელმა რეფერიმ, კარლოს რამოსმა კიდევ ერთი გაფრთხილების შემდეგ, სერენას გეიმი წაგებულად ჩაუთვალა და ანგარიში 3:5 გახდა. 

უილიამსმა კამათი დაიწყო და კორტზე ტურნირის დირექტორებიც გამოვიდნენ, თუმცა ნეგატიური საუბრისა და დროის დახარჯვის გარდა, არაფერი შეცვლილა.

დიდი სლემის ტურნირების ფინალის ისტორიაში პირველად მოხდა, როცა მსაჯმა ჩოგბურთელს გეიმი ავტომატურად ჩამოართვა.

 

ნაომი ოსაკა პირველი იაპონელი ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო. მას წელს საუკეთესო სეზონი აქვს და მარტში მაიამის მასტერსიც მოიგო, რაც ასევე დიდი წარმატებაა.

ოსაკამ, ამერიკის ღია პირველობის მოგებისთვის 2000 სარეიტინგო ქულა და 3 მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები