ტომ ასპინალი
Aa
Aa

„ეს დასასრული არ არის“ | ასპინალი UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონი აღარაა

ტომ ასპინალმა UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა. ინგლისელმა მებრძოლმა განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს, თვალის პრობლემებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„თვალთან დაკავშირებული გართულებების გამო, ამ ეტაპზე ექიმებისგან ბრძოლის ოფიციალურ ნებართვას ვერ ვიღებ. რამდენიმე ოპერაცია, დაბრკოლება და ინფექცია გადავიტანე — ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ოქტაგონში დავბრუნებულიყავი.

ორგანიზაციასთან ბრძოლის თარიღზე უკვე შეთანხმებული ვიყავი, სპარინგებსაც დავუბრუნდი, თავს შესანიშნავად ვგრძნობდი და მზად ვიყავი, თუმცა მორიგმა ინციდენტმა მარჯვენა თვალი კიდევ უფრო დამიზიანა. ეს ნიშნავს, რომ სპორტს კიდევ გარკვეული დროით ჩამოვშორდები და ამ ეტაპზე ჩემი დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია.

ახლა მივიღე გადაწყვეტილება, მძიმე წონის ჩემპიონის ქამარი ვაკანტური გავხადო. UFC-ს ვთხოვე, ამ განცხადების გაკეთების უფლება მოეცათ, რადგან არ მინდა, მძიმე წონითი დივიზიონი დავაყოვნო. ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც შენი დივიზიონი ჩერდება და მინდა, სხვა მებრძოლებს ტიტულისთვის ჩხუბის შანსი მიეცეთ.

UFC და ჰანტერ კემპბელი საქმის კურსში იყვნენ — მათ ჩემი თვალის ყველა ტესტი, პროცედურა და სამედიცინო დასკვნა ნახეს. სხვადასხვა ექიმთან და სპეციალისტთან ერთად ვმუშაობდით, რომ ჩემი დაბრუნება რეალური გამხდარიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს უბრალოდ შეუძლებელია.

გულნატკენი და განადგურებული ვარ, მაგრამ ეს დასასრული არ არის. ტიტულის ვაკანტურად გამოცხადება ამ სპორტიდან წასვლას არ ნიშნავს. გავაგრძელებ ყველაფრის გაკეთებას, რომ გამოვჯანმრთელდე, სამედიცინო ნებართვა მივიღო და ოქტაგონში რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე.

სიტუაციას განსაკუთრებით ამძიმებს ის ფაქტი, რომ ბევრი გართულება, რასთან გამკლავებაც ახლა მიწევს, იმ აკრძალული ქმედებების შედეგია, რომლებმაც ჩემი კარიერა შეცვალა. მებრძოლები მსაჯებს ვენდობით, რომ ასეთ მომენტებში წესებს დაიცავენ და ჩვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებენ, ამიტომ ძალიან მძიმეა, როდესაც ამ შედეგებთან გამკლავება დღესაც მიწევს. მადლობა ყველას, ვინც ამ კოშმარში გვერდით მედგა და მხარს მიჭერდა. დავბრუნდები, როგორც კი ექიმები ამის ნებას დამრთავენ“.

ცნობისთვის, ასპინალმა თვალის ტრავმა სირილ განთან ჩხუბისას მიიღო. ფრანგმა მებრძოლმა მას თვალში რამდენჯერმე თითი ამოარტყა, რის შემდეგაც ასპინალმა ორთაბრძოლა ვეღარ გააგრძელა და ჯანმრთელობის პრობლემები დღემდე აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თავდამსხმელები მყავს“ - ენრიკე ბრესტთან გამარჯვების შემდეგ
„ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თავდამსხმელები მყავს“ - ენრიკე ბრესტთან გამარჯვების შემდეგ