„სცადა ჩემთვის დაერტყა
Aa
Aa

„სცადა ჩემთვის დაერტყა" - პაპუ გომესი გასპერინისთან კონფლიქტს იხსენებს

„სევილიას“ ნახევარმცველმა, პაპუ გომესმა „ატალანტას“ თავკაცთან, ჯან პიერო გასპერინისთან კონფლიქტზე ისაუბრა, რის გამოც „ლა დეას“ დატოვება მოუწია.

„ჩემპიონთა ლიგაზე, მიდტიულანდის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მის ტაქტიკურ მითითებებს მაქსიმალურად ვითვალისწინებდი. პირველი ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, მან მარჯვენა ფლანგზე თამაში მთხოვა, მე კი მარცხენა ფლანგზე ასპარეზობა ძალიან მინდოდა და უარი ვუთხარი.

ასეთი პასუხის გაცემა მატჩის მიმდინარეობისას, თანაც როცა ირგვლივ ამდენი კამერაა... იგი ძალიან გაბრაზდა. ვხვდებოდი, რომ მეორე ტაიმის სტარტზე შემცვლიდა და ზუსტად ასე მოხდა, თუმცა შესვენებისას, როცა გასახდელში ვიყავით, ზღვარს გადავიდა და სცადა, ჩემთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინა.

დიახ, გასპერინიმ სცადა, რომ ჩემთვის დაერტყა. ნებისმიერ თემაზე შეიძლება სიტყვიერი დაპირისპირება გქონდეს, მაგრამ ფიზიკური აგრესიის ატანა შეუძლებელია. კლუბის პრეზიდენტთან შეხვედრა სწორედ ამიტომ მოვითხოვე. პერკასის ვუთხარი, რომ ატალანტაში თამაშის გაგრძელების პრობლემა არ მქონდა. ვაღიარე, რომ შეცდომა დავუშვი და როგორც კაპიტანი, არასწორად მოვიქეცი, სხვებს ცუდი მაგალითი მივეცი და მწვრთნელის მითითებები არ შევასრულე. ამის შემდეგ, პრეზიდენტს ვუთხარი, რომ გასპერინისგან ბოდიშის მიღება მსურდა და კლუბის პირველ პირს ასეთი პრეცედენტი არ უნდა დაეშვა.

მომდევნო დღეს, საერთო შეკრება იყო. წინ გამოვედი და თანაგუნდელებისა და მწვრთნელის წინაშე ბოდიში მოვიხადე. გასპერინის კი იგივე არ გაუკეთებია. ეს როგორ მივიღო? არასწორად მოვიქეცი და ნუთუ ის ისე მოიქცა, როგორც საჭირო იყო?

ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო. რამდენიმე დღის შემდეგ, პრეზიდენტს ვუთხარი, რომ გასპერინისთან მუშაობა არ მსურდა. მან მიპასუხა, რომ ჩემს გაშვებას არ აპირებდა და საბოლოოდ, სარეზერვო გუნდში გადასვლა მომიწია. 7 წლისა და ყველაფერი იმის შემდეგ, რაც გუნდისთვის გავაკეთე, უბრალოდ გამაგდეს. ეს ლამაზი ნამდვილად არაა. გასპერინი ცუდად მოიქცა და ბოლო წვეთი გახდა ის, რომ პრეზიდენტს გამბედაობა არ ეყო, მისთვის ეთქვა, რომ ბოდიში მოეხადა“.

შეგახსენებთ, რომ პაპუ გომესმა „სევილიას“ საკუთარი მომავალი 2024 წლის ივნისამდე დაუკავშირა, „ატალანტამ“ კი მის სანაცვლოდ 5.5 მილიონი ევრო მიიღო და ბონუსების დამატებით ეს თანხა შესაძლოა, 3 მილიონი ევროთი გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები