2000 ევროს გამო | ფიფამ ლიონს ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალა
ფიფამ „ლიონს“, რომლის ღირსებასაც გიორგი მიქაუტაძე იცავს, უახლოესი სამი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირება აუკრძალა. ამის შესახებ L’Equipe-ი იტყობინება.
სადისციპლინო სასჯელი უკავშირდება 2000 ევროს ოდენობის დავალიანებას, რომელიც „ლიონს“ ტრანსფერების საკომისიო მომსახურებისას უნდა გადაეხადა.
ფიფას სასჯელი 2026 წლის ზაფხულის ჩათვლით, 3 სატრანსფერო ფანჯარას მოიცავს. ამასთან ერთად, „ლიონში“ ამტკიცებენ, რომ დავალიანება გასტუმრებულია.
„სასჯელის ვადის ამოწურვამდე კლუბს არ შეუძლია დაარეგისტრიროს ახალი მოყვარული თუ პროფესიონალი ფეხბურთელები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ფეხბურთელების დარეგისტრირება შესაძლებელი გახდება მხოლოდ ვადის ამოწურვის ან ფიფას მიერ სასჯელის შემცირების/გაუქმების შემდეგ“, - აღნიშნულია ფიფას გადაწყვეტილებაში.
ცნობისთვის, „ლიონმა“ სეზონი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.