„ვალენსიას მოულოდნელი აღმოჩენა თბილისში
Aa
Aa

„ვალენსიას მოულოდნელი აღმოჩენა თბილისში" - El Pais-ის საინტერესო სტატია მამარდაშვილზე

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, El Pais-მა გიორგი მამარდაშვილის შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. ავტორი ქართველი გოლკიპერის შესახებ საუბრობს და სტატიის სათაური ასეთი გახლავთ - „გიორგი მამარდაშვილი - ვალენსიას მოულოდნელი აღმოჩენა თბილისში“.

***

„ამ ზაფხულს, ვალენსიამ მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთა და ძვირფას ქვას გადააწყდა. ფინანსური პრობლემების გამო, კლუბმა ძირითადი გუნდისთვის მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, ომარ ალდერეტე დაიმატა, თუმცა უეცრად, სასტარტო შემადგენლობისთვის მებრძოლი მოთამაშეების რაოდენობა გაიზარდა. 20 წლის ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც სიმაღლეში თითქმის ორი მეტრია, ლა ლიგაში, 2021-22 წლების სეზონში ვალენსიას პირველი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის სტატუსით შეაბიჯა. გასულ პარასკევს, ღამურებმა ხეტაფე დაამარცხეს. მამარდაშვილმა კი მეკარის ხელთათმანები მოირგო და მიჩელის თერთმეტეული შეაჩერა.

მამარდაშვილი, რომლის გვარიც თითქმის მისი სიმაღლის ზომისაა, პატერნაში მაისის ბოლოს ჩავიდა, რათა სათადარიგო გუნდი გაეძლიერებინა. საუბარია ვალენსია მესტალიაზე, რომელიც ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს. ანტონიო ლოპესმა და მისმა ქართველმა პარტნიორმა, ლევან სეთურიძემ კლუბის წარმომადგენლებს, ლუის მარტინესსა და ხორხე ოტეროს, რომლებსაც ვალენსიას აკადემია აბარიათ, მამარდაშვილის გადაბირება შესთავაზეს. ხოსე ხიმენესმა, რომელიც აკადემიის სკაუტინგის უფროსია, მიღებული წინადადება განიხილა და იგრძნო, რომ საქმე დაუმუშავებელ ბრილიანტთან ჰქონდა. ამის შემდეგ, მათ მამარდაშვილთან 1-საათიანი ვიდეოზარი გამართეს და გარიგების გაჩარხვა გადაწყვიტეს.

გიორგი თბილისის დინამოს საკუთრებაა, რომელმაც იგი 18 წლის ასაკში რუსთავში, ხოლო 19 წლის ასაკში ლოკომოტივში გაანათხოვრა, რათა მას სათამაშო პრაქტიკა მიეღო. დინამოს ხელმძღვანელებთან გაფორმებული იჯარა ვალენსიასთვის სასარგებლოა. კლუბს, რომელსაც ძირითადი გუნდისთვის ფეხბურთელთა გადაბირება უჭირს, არ შეუძლია, სათადარიგო გუნდის მოთამაშეებზე დიდი თანხები დახარჯოს. გიორგის იჯარა 2022 წლის ივნისში სრულდება და ვალენსიას მისი გამოსყიდვა ერთ მილიონ ევროზე ოდნავ ნაკლებად შეუძლია, თუმცა კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ ღამურები მამარდაშვილს წლეულს გამოისყიდიან, თანხა ცოტათი შემცირდება. კლუბი 2021 წლის ბოლომდე გიორგის გამოსყიდვას აქტიურად განიხილავს.

ვალენსიაში ამბობენ, რომ, როცა ვარჯიშებისას ბორდალასმა ქართველი მეკარე გამოსცადა, განაცხადა, რომ ის ძირითადი გუნდისთვის შესაფერისი გოლკიპერი იყო და სათადარიგო გუნდში არ გადაიყვანეს. მამარდაშვილმა ვალენსიას მეკარეებს შორის არსებული სტატუს-კვო დაარღვია. ახალგაზრდა კრისტიან რივეროს ან ხაუმე დომენეკს კლუბის დატოვება მოუწევთ, თუმცა ამ უკანასკნელის გაყიდვა რთული იქნება, რადგან მაღალი ხელფასი აქვს და ცუდი სეზონი ჰქონდა.

ქუთაისში დაბადებული მამარდაშვილი, რომელსაც დინამოში მეტსახელად მამას ეძახიან, გოლკიპერის შვილია. მისი მამა, დავითი ქუთაისის ტორპედოში მეკარეების მწვრთნელია. ვალენსიაში, გიორგი მოკრძალებულ ბინაში ცხოვრობს, ესპანურს სწავლობს და ელოდება, ქართული მართვის მოწმობის გამოყენების უფლებას როდის მიიღებს. მოედანზე იგი თანაგუნდელებს ძირითადად საბაზისო სიტყვებით ეკონტაქტება. მაგალითად: „ზევით“, „ქვევით“, „მარჯვნივ“, „მარცხნივ“, „აიყვანე“, „ახტი“. მამარდაშვილი, რომელიც 29 სექტემბერს 21 წლის გახდება, თავისუფალ დროს Playstation-ის თამაშში ატარებს. იგი იასპერ სილესენს, რომელიც მისი ერთ-ერთი კუმირი გახლავთ და ვალენსიას კარი სწორედ მისგან გადაიბარა, უკვე შეხვდა.

ღამურების თავკაცის, ბორდალასის გადაწყვეტილებას კლუბის ლეგენდარული გოლკიპერი, სანტი კანისარესიც იზიარებს. „ამ მომენტში სადებატოს ვერაფერს ვხედავ... ხეტაფესთან ვალენსიას მეკარემ ეჭვები გააქრო და ვნახოთ, მომავალში რა მოხდება“. კანისარესს ხოსე მანუელ სემპერეც ეთანხმება: „ამ ბიჭს ნდობა მომავალშიც უნდა გამოუცხადო, რადგან მან ეს დაიმსახურა“.

მამარდაშვილის მიერ დატოვებულმა შთაბეჭდილებამ შესაძლოა, მას საქართველოს ეროვნული ნაკრების კარი გაუღოს. ამ ეტაპზე ჯვაროსნების კარს ანორთოსისის გოლკიპერი, გიორგი ლორია იცავს, რომელიც მამზე 15 წლით უფროსია. მამარდაშვილს ვალენსიაში გადასვლა საქართველოს ნაკრების თავკაცმა, ვილი სანიოლმა ურჩია. „ამაზე არც კი დაფიქრდე“, უთხრა ფრანგმა სპეციალისტმა გიორგის. 5 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, მამარდაშვილი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზებს“, - წერს El Pais.

ცნობისთვის, ლა ლიგის მეორე ტურში „ვალენსია“ „გრანადას“ ესტუმრება. შეხვედრა 21 აგვისტოს, თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და იმედი ვიქონიოთ, რომ მამარდაშვილი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები