„მასთან სათამაშოდ განსაკუთრებული მომზადება აღარ არის საჭირო“ - კავასაკის მეკარე კრიშტიანუზე
კრიშტიანუ რონალდო უკვე მესამე წელია საუდის არაბეთში თამაშობს და მართალია შედეგიანობის თვალსაზრისით მის სტატისტიკას არაფერი დაეწუნება და ყველა ტურნირზე გამართულ 108 შეხვედრაში 97 გოლით გამოიჩინა თავი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - არაბული კლუბების ჩემპიონთა თასს თუ არ ჩავთვლით, „ალ ნასრისთან“ ერთად ჯერჯერობით ერთი მნიშვნელოვანი ტიტულიც კი არ მოუგია.
ამ უიღბლო პერიოდის დასრულება 40 წლის პორტუგალიელს წლევანდელ აზიის ჩემპიონთა ლიგაში შეეძლო, თუმცა ის და მისი თანაგუნდელები იაპონიის „კავასაკისთან“ გამართულ ტურნირის ნახევარფინალში 2:3 დამარცხდნენ და ასპარეზობას გამოეთიშნენ. მატჩის დასრულების შემდეგ კი, „ალ-ნასრის“ მეტოქე გუნდის მეკარემ ლუის იამაგუჩიმ რონალდუზე როგორც ერთ რიგით ფეხბურთელზე ისე ისაუბრა და კრიშტიანუ შემდეგნაირად დაახასიათა:
„მსგავსი ლეგენდების წინააღმდეგ სათამაშოდ ყოველთვის განსაკუთრებულად უნდა მოემზადო, მაგრამ როდესაც მოედანზე გამოდის, მაშინვე ხვდები, რომ ზუსტად ისეთივე ფეხბურთელია, როგორებიც დანარჩენები. ეს ის კრიშტიანუ ნამდვილად აღარ არის, როგორიც ათი წლის წინ იყო. გასაგებია, რომ პენალტებს და საჯარიმოებს მაღალ დონეზე ასრულებს, მაგრამ ამის გაკეთება მის გარდა, ძალიან ბევრ მოთამაშეს შეუძლია“.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „ალ-ნასრი“ მესამე ადგილზეა, ლიდერ „ალ-იტიჰადს“ 8 ქულით ჩამორჩება და ოქროს მედლების მოპოვების საკმაოდ დაბალი შანსი აქვს.