გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მინდა, ლიონში ისტორია დავწერო“ - მიქაუტაძის პრესკონფერენცია

„ლანსთან“ მატჩის წინ „ლიონის“ ქართველმა ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მიქაუტაძის თქმით, გუნდის წინაშე მხოლოდ ერთი ამოცანა დგას - ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, რისთვისაც პაულო ფონსეკას გუნდს საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა სჭირდება.

„გვსურს, სეზონი კარგად დავასრულოთ. ვიცით, რომ სამივე შეხვედრა უნდა მოვიგოთ, მაგრამ ახლა მხოლოდ უახლოეს მატჩზე ვფიქრობთ. „ლანსი“? მთავარი ის იქნება, როგორ ვითამაშებთ ჩვენ. დავისახეთ მიზანი - გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშოთ. შესაბამისად, ჩვენი ბედი მხოლოდ ჩვენს ხელშია. ზეწოლას ვერ ვგრძნობთ. ეს ამოცანა - ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება - სეზონის დასაწყისშივე დავისახეთ.

მალიკ ფოფანა ძლიერია ერთი ერთზე დრიბლინგში, მას თამაშზე გავლენის მოხდენა შეუძლია. მალიკის არყოფნაში მისი დანაკლისი იგრძნობოდა. კარგია, რომ ის მზადაა სათამაშოდ. კორენტინ ტოლისო გამოცდილი ფეხბურთელია. ის ბევრს საუბრობს როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა. მასთან ერთად გუნდი უფრო ძლიერია.

ჩემს სეზონს დადებითად ვაფასებ. მეტი სათამაშო დრო მაქვს. „ლიონი“ ჩემთვის ახალი კლუბი არაა, მაგრამ ფეხბურთელებსა და მწვრთნელს არ ვიცნობდი. ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა ამ პერიოდმა უკვე ჩაიარა. ყოველთვის ვთამაშობ ფეხბურთს ისე, როგორც შემიძლია, ამიტომ მიხარია, რომ ახლა საქმეები უკეთ მიდის.

ტიაგო ალმადასა და რაიან შერკისთან თამაში? „რეიმსთან“ მატჩში რაიანმა შესანიშნავი პასი მომცა. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ და ეს მოედანზეც ჩანს. როცა ბურთი ასეთ ფეხბურთელებს აქვთ, თავისუფალ პოზიციაში ვიხსნები და ვიცი, რომ ბურთს მივიღებ. ყოველთვის მზად უნდა იყო მათგან პასის მისაღებად, იმიტომ რომ ისინი გხედავენ მაშინაც, როდესაც სხვები ვერ გხედავენ.

მინდა, „ლიონში“ ისტორია დავწერო. გოლების გატანას გავაგრძელებ - უკვე გამიტანია და კიდევ უფრო მეტს გავიტან.


ალექსანდრ ლაკაზეტი? როდესაც კლუბში დავბრუნდი, მითხრეს, რომ მასთან ერთად ვითამაშებ. სიამოვნებით გავატარებდი მასთან ერთად უფრო მეტ დროს მოედანზე. თუმცა ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. გადაწყვეტილებებს მწვრთნელები იღებენ. ლაკაზეტი ჩემთვის მაგალითია, მიხარია, რომ მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მაქვს“.

ცნობისთვის, „ლიონი“, „ნიცა“ და „სტრასბურგი“ 54-54 ქულით 5-7 პოზიციებს იყოფენ, მეოთხეზე 55 ქულით „მონაკოა“, მესამეზე 56 ქულით „ლილი“, მეორეზე კი 58 ქულით „მარსელი“. 

ლიგა 1-ის დასრულებამდე სამი ტური დარჩა. 1-3 ადგილებზე გასული გუნდები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ, მეოთხეადგილოსანი კი მთავარ საკლუბო ტურნირზე ასპარეზობას პლეიოფიდან დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამაგეიშვილი: ადაპტაცია კარგად მიდის, თანაგუნდელების მადლიერი ვარ
მამაგეიშვილი: ადაპტაცია კარგად მიდის, თანაგუნდელების მადლიერი ვარ