ბუდუ ზივზივაძე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა | ჰაიდენჰაიმის ფრე ბოხუმთან
გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში, ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ ერთ-ერთ კონკურენტს, „ბოხუმს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ქულა აიღო და მატჩი გატანილი გოლის გარეშე, 0:0 დასრულდა.
ზივზივაძე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ქართველ ფეხბურთელს 29 მარტის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები და მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. ბუდუ თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე, იულიან ნიეჰუესს მომენტი შეუქმნა, მაგრამ „ბოხუმის“ მეკარემ, ტიმო ჰორნმა პოზიცია სწორად შეარჩია.
ამრიგად, „ჰაიდენჰაიმს“ 26 ქულა დაუგროვდა, ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციას იკავებს და „ჰოლშტაინ კილსა“ და „ბოხუმს“ 4 ქულით უსწრებს. ამ მონაცემებით, „ჰაიდენჰაიმი“ პლეიაუტში მიიღებს მონაწილეობას და უმაღლეს დივიზიონში დარჩენის შანსი ექნება.
ცნობისთვის, „ჰაიდენჰაიმი“ მე-15 პოზიციაზე მყოფ „ჰოფენჰაიმს“ 4 ქულით ჩამორჩება. ზივზივაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 მაისს გამართავს და სტუმრად „უნიონ ბერლინს“ დაუპირისპირდება.