„იმედია, ბევრ თამაშს მოვიგებთ“ - ბითაძე ევრობასკეტზე
„ორლანდო მეჯიქის“ ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ განვლილი სეზონი შეაჯამა და მოახლოებულ ევრობასკეტზე ისაუბრა.
გოგა ბითაძე:
„ძალიან ამაყი ვარ ჩვენი გუნდით, იმიტომ რომ არაერთი ტრავმის მიუხედავად ერთიანობა შევინარჩუნეთ. ლიდერები გვაკლდა - პაოლო ბანკერო, ფრანც ვაგნერი, ჯეილენ საგსი, მო ვაგნერი -მაგრამ ახალგაზრდა კალათბურთელებმა ნაბიჯი წინ გადადგეს და მათი თამაშით ძალიან ამაყი ვარ. ამ სეზონიდან გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ და მუშაობა გავაგრძელოთ.
„ბოსტონის“ სახით პლეიოფში ძლიერი გუნდი, მოქმედი ჩემპიონი შეგვხვდა. მათ არაფერი დავუთმეთ, თანაბრად ვეთამაშეთ, თუ არ ჩავთვლით ბოლო თამაშს. ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ჩვენი გუნდის სრული პოტენციალის ნახვას - ვფიქრობ, წარმატების მიღწევა შეგვიძლია.
კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორი სეზონი მქონდა. როდესაც შესაძლებლობა მქონდა, ყოველთვის ვცდილობდი, გუნდს მაქსიმალურად დავხმარებოდი. ამ სეზონში უფრო სწრაფად და მობილურად ვთამაშობდი, მაგრამ გასაუმჯობესებელი კიდევ ბევრია. პირველ რიგში, მეტი უნდა ვიმუშავო სროლებზე.
წინ ევრობასკეტი გველოდება, რომლისთვისაც ძალიან სერიოზულად მოვემზადები - მთელი ზაფხულის განმავლობაში კარგ სათამაშო ფორმაში უნდა ვიყო. იმედია, არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ ნაკრებთან ერთად - ასეთია ამოცანა“.
ცნობისთვის, ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები კვიპროსი, იტალია, საქართველო, ესპანეთი, საბერძნეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა იქნებიან.
ტურნირი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით ლატვიაში, პოლონეთში, კვიპროსში და პოლონეთში გაიმართება. ჯგუფური ეტაპი და 1/8 ფინალური ეტაპები ოთხ ქვეყანაში ჩატარდება, 1/4 ფინალებს, ნახევარინალებს და ფინალს კი ლატვია უმასპინძლებს. „ჯვაროსნები“ ჯგუფური ეტაპის მატჩებს კვიპროსში გამართავენ.