დიდი ეპოქის დასასრული | გრეგ პოპოვიჩი სან ანტონიოს მწვრთნელი აღარაა
გრეგ პოპოვიჩმა „სან ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდის ოფიციალური განცხადებით, „პოპი“ გუნდში დარჩება და საკალათბურტო ოპერაციების პრეზიდენტის ფუნქციებს შეითავსებს.
„კალათბურთი კვლავინდებურად მიყვარს, მაგრამ გადავწყვიტე, რომ დროა, მთავარი მწვრთნელის პოსტი დავტოვო. ყოველთვის მადლიერი ვიქნები საოცარი კალათბურთელების მწვრთნელების, პერსონალისა და ფანების, რომლებმაც საშუალება მომცეს, გუნდის თავკაცი ვყოფილიყავი. მოხარული ვარ, რომ შანსი მომეცა, მხარი დავუჭირო ორგანიზაციას, საზოგადოებასა და ქალაქს, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არიან“, - განაცხადა გრეგ პოპოვიჩმა.
პოპოვიჩი „სან ანტონიოს“ 29 სეზონის განმავლობაში წვრთნიდა და „სპურსის“ თავკაცის პოსტზე, NBA-ის რეგულარულ სეზონში 1422 შეხვედრა ჩაატარა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. გრეგმა „სან ანტონიოს“ ჩემპიონობა 5-ჯერ მოაგებინა.
როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ნოემბერში, პოპოვიჩმა ინსულტი გადაიტანა და მას შემდეგ, სავარჯიშო პროცესს ჩამოშორდა. მის არყოფნაში, ტექსასელებს დროებითი მწვრთნელი, მიჩ ჯონსონი ხელმძღვანელობდა.