„აჩვენა, ჯორჯ ბესტს რატომ ადარებენ“ | Standard-ის სტატია კვარაცხელიაზე
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „არსენალს“ ხვდება. პარიზელებმა პირველი შეხვედრა სტუმრად 1:0 მოიგეს და ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა მიითვალა. „კვარა“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ბრიტანულმა გამოცემებმა მას სტატიები მიუძღვნეს.
Daily Mail-ის, Caughtoffside-ისა და Sky Sports-ის შემდეგ, ხვიჩაზე Standard-მაც დაწერა. ინგლისურმა ტაბლოიდმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო და განაცხადა, რომ ის მთელი მატჩის განმავლობაში, სერიოზული საფრთხე იყო.
„ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ოთხი წუთი დასჭირდა, რათა ეჩვენებინა, მეტსახელად „კვარადონა“ რატომ შეარქვეს და ჯორჯ ბესტს რატომ ადარებენ. ქართველმა გარემარბმა მარცხენა ფლანგზე პასი მიიღო, იურიენ ტიმბერს გასცდა და უსმან დემბელეს გადაცემა გაუკეთა, რომელმაც არსენალის კარი აიღო.
მატჩის საწყის ოც წუთში, კვარაცხელია ფეთქებადი იყო და ტიმბერს ბევრად მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა გარემარბმა მიმდინარე სეზონში. პირველ ოც წუთში, ნიდერლანდელი ხვიჩაზე 3-ჯერ დაჯარიმდა და რთულია გაიხსენო მატჩი, რომელშიც ტიმბერს ისე გაუჭირდა, როგორც პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ.
კვარაცხელიას მიერ, მარცხენა ფლანგზე მოწყობილი ჯოჯოხეთი არსენალის ფანებისთვის ორმაგად ცუდი მომენტი იყო, რადგან იყო პერიოდი, როდესაც მეთოფეები შეტევის გაძლიერებაზე ფიქრობდნენ და მზად იყვნენ, 60 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაეხადათ. პსჟ-ს კვარას ტრანსფერი დაახლოებით ამდენი დაუჯდა და ინვესტიციამ გაამართლა.
კვარაცხელია არსენალისთვის არც ერთხელ დაუკავშირებიათ. სამაგიეროდ, პარი სენ-ჟერმენს მისი გაფორმება დიდი ხანი უნდოდა. გუნდში მოსვლისთანავე, ლუის ენრიკე ფრანგულ კლუბს მოუწოდებდა კვარაცხელია გადაეყვანა და სამშაბათს გამართული მატჩის შემდეგ, რთული არაა მივხვდეთ, ენრიკეს ეს ტრანსფერი ასე ძალიან რატომ სურდა.
დრიბლინგისა და მეტოქის ჩამოშორების უნარის გამო, ქართველი ფეხბურთელი არსენალისთვის სერიოზული საფრთხე იყო. ხვიჩას არც შავი სამუშაოს შესრულება ეთაკილებოდა და მასზე მეტჯერ, ბურთი არავის დაუბრუნებია. რეალურად, კვარაცხელია ჰგავდა ფეხბურთელს, რომელიც არსენალისთვის იდეალური იქნებოდა - პირდაპირი გარემარბი, რომელსაც საკუთარი მეურვის მოტყუება შეუძლია და დაცვაში თავდაუზოგავად მუშაობს“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
ცნობისთვის, „არსენალთან“ გამართული მატჩის შემდეგ, Goal-მა კვარაცხელია ოქროს ბურთის ჯილდოს მოგების კანდიდატებს შორის შეიყვანა. ხვიჩა მე-15 ადგილზე იმყოფება.