მოგება უშუალო კონკურენტთან - იბერია დილას 7 ქულით გაექცა
Crystalbet ეროვნული ლიგის XII ტური ცენტრალური მატჩით დაიწყო - „მიხეილ მესხის“ სტადიონზე სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებზე მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში მასპინძელმა „იბერიამ“ „დილა“ 1:0 დაამარცხა, რის შემდეგაც გორელებთან ქულათა სხვაობა შვიდამდე გაზარდა.
მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა - 57-ე წუთზე, აბუბაქარ კონტეს წინააღმდეგ დერეკ აგიაკვას მხრიდან თამაშის წესების დარღვევისთვის, „იბერიას“ კარში 11-მეტრიანი დაინიშნა და მაშინ, როდესაც „დილას“ ფეხბურთელი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი უკვე დასარტყმელად ემზადებოდა, მთავარ არბიტრს VAR-ის ოთახიდან ანიშნეს, რომ ეპიზოდი გადაემოწმებინა. მომენტის ხელმეორედ ნახვის შემდეგ კი გამოჩნდა, რომ კონტემ აგიაკვას ფეხი თავად დააბიჯა და პენალტი სრულიად სამართლიანად გაუქმდა.
რაც შეეხება გამარჯვების გოლს, ის 65-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა - იური ტაბატაძის დარტყმული გორელთა მეკარემ მოიგერია, თუმცა გამოცდილი ფორვარდის დამატებულს უკვე ვეღარაფერი მოუხერხა. სიხარულიძისთვის ეს Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში რიგით 127-ე ბურთი გახლდათ, რითაც ჯაბა დვალს გაუთანაბრდა და ყველა დროის ბომბარდირებში ახლა მასზე წინ მხოლოდ ორი ფეხბურთელი, ლევან ხომერიკი (140) და ზურაბ იონანიძეა (216).
როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ მოგებით „იბერიას“ 30 ქულა დაუგროვდა, სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა და გორის „დილას“ 7 ქულით გაუსწრო. Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XII ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა ხვალ გაიმართება.