„სიტის შემდეგ პაუზა მექნება“ - გუარდიოლა სამომავლო გეგმებზე
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელისთვის პეპ გუარდიოლასთვის მიმდინარე სეზონი მის კარიერაში უდავოდ ყველაზე რთული და ძნელად მართვადია, რის გამოც კატალონიელ სპეციალისტს თავის მართლების რეჟიმში ყოფნა ხშირად უწევს. შეკითხვაზე, კიდევ რამდენი ხნით აპირებს სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელებას და როგორია მისი სამომავლო გეგმები, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტს ასეთი პასუხი ჰქონდა:
„ხალხს შეუძლია დამიმახსოვროს მე ისეთად, როგორც სურთ. ამაზე ფიქრით გონების გადაღლას ნამდვილად არ ვაპირებ. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი - „ბარსელონას“, „ბაიერნისა“ და „მანჩესტერ სიტის“ გულშემატკივრებს ყოველთვის ემახსოვრებათ, რომ ჩემი მწვრთნელობის პერიოდში მათი საყვარელი გუნდები ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ.
„მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე მაკავშირებს, რომლის დასრულების შემდეგაც პაუზას აუცილებლად ავიღებ. არ ვიცი ეს იქნება თუ არა კარიერის დასასრული, მაგრამ პაუზა რომ მექნება, ეს ზუსტად ვიცი.
ცნობისათვის, პეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობით 2016 წლის 1 ივლისიდან ყველა ტურნირზე ჩატარებული 524 მატჩიდან „მანჩესტერ სიტიმ“ 370 მოიგო, 76 ფრედ დაასრულა და 78-ში დამარცხდა.