სეზონის საუკეთესო ტრანსფერები | რომელ ადგილზეა კვარაცხელიას ტრანსფერი
ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემამ Goal.com-მა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გასული სეზონის საუკეთესო ტრანსფერების ჩამონათვალში შეიყვანა.
ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი, რომელიც პარიზულ კლუბს 70 მილიონი ევრო დაუჯდა, გამოცემამ მე-14 ადგილზე დააყენა.
„ხვიჩა კვარაცხელიამ სახელი „ნაპოლიში“ თამაშისას გაითქვა, მაგრამ მან სწრაფად მოახერხა საფრანგეთის ჩემპიონ, პსჟ-თან ინტეგრირება და ახლა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ქართველმა შემტევმა ჩამოაყალიბა გამანადგურებელი ტრიო უსმან დემბელესთან და დეზირე დუესთან ერთად და აოცებს გულშემატკივრებს თავისი მოულოდნელი გადაწყვეტილებებით.
პსჟ-ს შეუძლია, ელოდოს კვარაცხელიასგან ჯადოქრობას მატჩის ნებისმიერ მომენტში, იქნება ეს რამდენიმე მცველის მოტყუება, შორეულ ზედა კუთხეში ძ₾ძლიერი დარტყმა თუ იდეალური ასისტი. 24 წლის შემტევმა მეტი გოლი უნდა გაიტანოს, თუმცა მისი გავლენა პსჟ-ის თამაშზე ძალიან დიდია. არ იქნება გასაკვირი, თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მისი თამაში გარდამტეხი გახდება“, - წერს გამოცემა.
საუკეთესო ტრანსფერად კი აღიარებულია კილიან მბაპეს გადასვლა პსჟ-დან „რეალში“ - ფრანგი ფეხბურთელი „სამეფო კლუბს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ჟოაუ ნევეში, მაიკლ ოლისე, სკოტ მაკტომინეი და დეზირე დუე, სრული რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
1. კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენიდან რეალში, თავისუფალი აგენტი);
2. ჟოაუ ნევეში (ბენფიკადან პარი სენ-ჟერმენში, 59 მილიონი გირვანქა);
3. მაიკლ ოლისე (კრისტალ პალასიდან ბაიერნში, 50 მილიონი გირვანქა);
4. სკოტ მაკტომინი (მანჩესტერ იუნაიტედიდან ნაპოლიში, 26 მილიონი გირვანქა);
5. დეზირე დუე (რენიდან პარი სენ-ჟერმენში, 42 მილიონი გირვანქა);
6. მეისონ გრინვუდი (მანჩესტერ იუნაიტედიდან მარსელში, 27 მილიონი გირვანქა);
7. რომელუ ლუკაკუ (ჩელსიდან ნაპოლიში, 25 მილიონი გირვანქა);
8. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლიდან გალათასარაიში, იჯარა);
9. სერუ გირასი (შტუტგარტიდან დორტმუნდში, 15 მილიონი გირვანქა);
10. მატეო რეტეგი (ჯენოადან ატალანტაში, 24 მილიონი გირვანქა);
11. ვილიან პაჩო (აინტრახტიდან პარი სენ-ჟერმენში, 38 მილიონი გირვანქა);
12. დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედიდან ფიორენტინაში, თავისუფალი აგენტი);
13. ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტიდან ატლეტიკოში, 82 მილიონი გირვანქა);
14. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლიდან პარი სენ-ჟერმენში, 59 მილიონი გირვანქა);
15. აიოზე პერესი (ბეტისიდან ვილიარეალში, 3 მილიონი გირვანქა);
16. მიკა ბირეთი (შტურმიდან მონაკოში, 13 მილიონი გირვანქა);
17. ნიკო პასი (რეალიდან კომოში, 5 მილიონი გირვანქა);
18. ჯერდან შაჩირი (ჩიკაგო ფაერიდან ბაზელში, თავისუფალი აგენტი);
19. მოიზე კინი (იუვენტუსიდან ფიორენტინაში, 11 მილიონი გირვანქა);
20. ანტონი (მანჩესტერ იუნაიტედიდან ბეტისში, იჯარა).