ოკლაჰომა სუპერფინალთან ერთ ნაბიჯშია | თანდერმა მინესოტას სტუმრად მოუგო
NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფავორიტი, „ოკლაჰომა სითი თანდერი“ სუპერფინალში გასვლასთან ერთ ნაბიჯშია. „თანდერი“ კონფერენციის ფინალში „მინესოტა ტიმბერვულვზს“ ხვდება და სერიაში 3:1-ს იგებს.
ამ გუნდების დაპირისპირების მეოთხე შეხვედრა „მინესოტას“ სტადიონზე გაიმართა. მატჩი უაღრესად დაძაბული გამოვიდა და გამარჯვებულის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა. „ოქეისი“ უპირატესობას ფლობდა, „ტიმბერვულვზი“ კი თამაშის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და 126:128 დამარცხდა.
„ოქეისის“ რიგებში ფენომენალური იყო შეი გილჯეს-ალექსანდერი - 40 ქულა, 9 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა. ჯეილენ უილიამსმა 34 ქულა დააგროვა, ჩეტ ჰოლმგრენმა კი 21 ქულა მიითვალა. „მინესოტას“ სუპერვარსკვლავებს, ენტონი ედვარდსსა და ჯულიუს რენდლს ცუდი თამაში ჰქონდათ და საერთო ჯამში, 21 ქულა დააგროვეს. ნიკელ ალექსანდერ-უოკერს 23 ქულა ჰქონდა, ჯეიდენ მაკდენიელსს - 22.
ცნობისთვის, ამ გუნდების მეხუთე შეხვედრა 29 მაისს, „ოკლაჰომას“ საშინაო არენაზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით, 04:30-დან დაიწყება.