ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

რატომ უნდა მიეღო ხვიჩას სკუდეტოს მედალი? - ესპანური გამოცემის სტატია

გავლენიანი ესპანური გამოცემა Sport.es-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და აცხადებს, რომ ქართველი ფეხბურთელი სერია A-ს საჩემპიონო მედლის მიღებას იმსახურებდა. სტატიის ავტორი აღნიშნა, რომ სეზონის პირველ ნახევარში ხვიჩამ „ნაპოლის“ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და მისი ოქროს მედლის გარეშე დატოვება უსამართლობაა.

ავტორს მაგალითად სხვა ფეხბურთელები მოჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა წლებში ერთ სეზონში ორი ქვეყნის ჩემპიონატი მოიგეს, მათ შორის იტალიის სერია A-ც.

რა წერია სტატიაში:

ქართველი ფეხბურთელი იმ ფეხბურთელების ექსკლუზიურ ჯგუფს შეუერთდა, რომლებმაც უნიკალურ შედეგს მიაღწიეს - ერთ სეზონში ორი ქვეყნის ჩემპიონატის მოგება. ჩვენ განვიხილავთ მას და სხვა მოთამაშეებს, რომლებმაც მსგავს შედეგს მიაღწიეს და ისტორია შექმნეს.

ეროვნული ჩემპიონატის მოგება ფეხბურთის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე რთული და პრესტიჟული მიღწევაა. ეს მთელი სეზონის განმავლობაში შეუპოვრობას, თავგანწირვასა და ნიჭიერებას აერთიანებს. მაგრამ ერთ სეზონში ორი ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოგება ისეთი რამაა, რისი მიღწევაც ძალიან ცოტას შეუძლია. ეს მოითხოვს არა მხოლოდ დიდ ხარისხს, არამედ ადაპტირების გამორჩეულ უნარსა და შესაძლოა, ცოტა იღბალსაც.

ხვიჩა კვარაცხელიას სახელის წარმოთქმა შეიძლება ცოტა რთული იყოს, მაგრამ მისი გავლენა როგორც „ნაპოლის“, ისე პსჟ-ის წარმატებაზე უდავოა. კვარაცხელია იტალიაში 2022 წელს ჩავიდა და ოსიმენთან ერთად პირველივე სეზონში სკუდეტოს მოგებით თავისი კვალი დატოვა.

მიმდინარე სეზონში გამოცდილმა გარემარბმა „ნაპოლის“ მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. „პარი სენ-ჟერმენი“ ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე სეზონის განმავლობაში აკვირდებოდა და საბოლოოდ, მისი ხელში ჩაგდება ამ სეზონის შუა პერიოდში შეძლო. პარიზულ გუნდში მან 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი „ასტონ ვილასთან“ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში გატანილი ბრწყინვალე გოლი იყო. ამ სეზონში პსჟ ლიგა 1-ის გამარჯვებული გახდა, „ნაპოლიმ“ კი სერია A ბოლო ტურში „კალიარის“ დამარცხებით მოიგო.

შეეძლო თუ არა ორივე ქვეყნის ჩემპიონის მედლის მიღება? დიახ. იტალიაში მედლის მისაღებად ფეხბურთელისთვის მატჩების მინიმალური რაოდენობა სავალდებულო არ არის. ისტორიაში რამდენჯერმე ყოფილა, რომ ფეხბურთელს ერთი ქვეყნის ჩემპიონატში გაცილებით ნაკლები მატჩი ჩაუტარებია და სხვა გუნდში გადასულა, შემდეგ კი მისი ყოფილი გუნდი ჩემპიონი გამხდარა და ოქროს მედალი მაინც მიუღია. კვარაცხელიას შემთხვევაში კი სხვა გადაწყვეტილება მიიღეს და ოქროს მედალი არ მისცეს. არა და ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ მოგებული სკუდეტო გულწრფელად სოციალურ ქსელში FNS-ით მიულოცა, რაც Forza Napoli Sempre-ს ნიშნავს (ნაპოლი სამუდამოდ).

კვარაცხელიას გარდა აქამდე ორი ქვეყნის ჩემპიონი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გახდა - დევიდ ბექჰემი, რომელმაც 2012/13 წლების სეზონში MLS და ლიგა 1 მოიგო; დანიელ ამარტი 2015/16 წლების სეზონში „კოპენჰაგენში“ დანიის ჩემპიონატის, „ლესტერში“ კი ინგლისის პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა. კინგსლი კომანი 2015/16 წლების სეზონი „იუვენტუსში“ დაიწყო და სერია A-ში რამდენიმე მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი აგვისტოშივე იჯარის წესით „ბაიერნში“ გადავიდა. ამ წელს ორივე გუნდმა ჩემპიონატის მოგება შეძლო, კომანს კი ორივე ქვეყნის ტიტული ერგო; 2018/19 წლებში ლეანდრო პარედესმა სეზონი სანქტ-პეტერბურგის „ზენიტში“ დაიწყო, შემდეგ კი საფრანგეთის დედაქალაქში გადაინაცვლა და ორივე გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატები მოიგო.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს 2024/25 წლების სეზონის გამარჯვებული „ნაპოლი“ გახდა. „პარტენოპეის“ ტრიუმფში წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის ეგიდით, 17 თამაში გამართა და 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ზამთარში, „კვარა“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა და იწერებოდა, რომ ტრანსფერის მიუხედავად, იყო შანსი, მისთვის სერია A-ს ჩემპიონის მედალი გადაეცათ. ამ საკითხზე, საბოლოო გადაწყვეტილება კლუბს უნდა მიეღო და იტალიური პრესის მიხედვით, ხვიჩას არაფერს გადასცემენ.

„ჩემპიონობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის მიუხედავად, კვარაცხელია არც ფინანსურ ჯილდოს მიიღებს და არც მედალს. პარი სენ-ჟერმენში გადასვლისას, მან ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, მომავალში ნაპოლისგან არანაირ ბონუსს არ მოითხოვდა“, - წერს Tuttonapoli-ი.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად, კვარაცხელია ლიგა 1-ის ჩემპიონი გახდა და საფრანგეთის თასი მოიგო. „კვარას“ ტრებლის შესრულების შანსიც აქვს და 31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არც მედალი, არც ბონუსი | კვარაცხელია ნაპოლისგან ვერაფერს მიიღებს
არც მედალი, არც ბონუსი | კვარაცხელია ნაპოლისგან ვერაფერს მიიღებს