არც მედალი, არც ბონუსი | კვარაცხელია ნაპოლისგან ვერაფერს მიიღებს
იტალიის სერია A-ს 2024/25 წლების სეზონის გამარჯვებული „ნაპოლი“ გახდა. „პარტენოპეის“ ტრიუმფში წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის ეგიდით, 17 თამაში გამართა და 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ზამთარში, „კვარა“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა და იწერებოდა, რომ ტრანსფერის მიუხედავად, იყო შანსი, მისთვის სერია A-ს ჩემპიონის მედალი გადაეცათ. ამ საკითხზე, საბოლოო გადაწყვეტილება კლუბს უნდა მიეღო და იტალიური პრესის მიხედვით, ხვიჩას არაფერს გადასცემენ.
„ჩემპიონობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის მიუხედავად, კვარაცხელია არც ფინანსურ ჯილდოს მიიღებს და არც მედალს. პარი სენ-ჟერმენში გადასვლისას, მან ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, მომავალში ნაპოლისგან არანაირ ბონუსს არ მოითხოვდა“, - წერს Tuttonapoli-ი.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად, კვარაცხელია ლიგა 1-ის ჩემპიონი გახდა და საფრანგეთის თასი მოიგო. „კვარას“ ტრებლის შესრულების შანსიც აქვს და 31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება.