გოგლიჩიძის ემპოლი სერია B-ში დაქვეითდა - ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსი გავიდა
იტალიის სერია A-ში მიმდინარე სეზონი დასრულდა და როგორც ევროტურნირებზე მოხვედრილთა, ისე სერია B-ში დაქვეითებული ყველა გუნდის ვინაობა გაირკვა.
ბუნებრივია, ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ მდგომარეობა აინტერესებს, რომელიც სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა, თუმცა სამწუხაროდ, ქართველი მცველის გუნდი გადამწყვეტ მატჩში საკუთარ მოედანზე „ვერონასთან“ 1:2 დამარცხდა და შესაბამისად, სერია B-ში დაქვეითდა.
გამარჯვების შემთხვევაში, „ემპოლი“ სწორედ „ვერონას“ გადაასწრებდა როგორც ურთიერთშეხვედრებით, ისე ბურთების შეფარდებითაც, მაგრამ დ’ავერსას გუნდმა ამ შანსის გამოყენება ვერ შეძლო და მომდევნო სეზონში იტალიის რანგით მეორე დივიზიონში ითამაშებს.
რაც შეეხება საბა გოგლიჩიძის თამაშს, ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და რამდენიმე კარგი ეპიზოდიც ჰქონდა, მაგრამ გოლის ეპიზოდებში თავისი გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო. ქართველი მცველი მთავარმა მწვრთნელმა 82-ე წუთზე შეცვალა, როდესაც ანგარიში 1:2 იყო.
„ემპოლისთან“ ერთად სერია B-ში „ვენეცია“ და „მონცაც“ დაქვეითდნენ. რაც შეეხება სხვა შეხვედრებს, ბოლო ტურამდე უკვე გარკვეული იყო, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“, „ინტერი“ და „ატალანტა“ ითამაშებდნენ, დღეს კი მათ რიგებს ტურინის „იუვენტუსიც“ დაემატა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში „ვენეცია“ 3:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი დაიკავა. მე-5 პოზიციაზე გავიდა „რომა“, რომელიც „იუვენტუსს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა და მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს, კონფერენს ლიგის ზონაში, ანუ მე-6 ადგილზე კი „ფიორენტინა“ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 2024/25 წლების გამარჯვებული „ნაპოლი“ გახდა, რომელმაც სკუდეტო ისტორიაში მეოთხედ მოიგო, მეორე ადგილზე კი „ინტერი“ გავიდა.