წიტაიშვილის გოლი და გამარჯვება - გრანადას ბედი ალმერიაზეა დამოკიდებული
ლა ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურში, „გრანადა“ საკუთარ მოედანზე „კასტელონს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
გიორგი წიტაიშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და „გრანადას“ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 26-ე წუთზე, რებახის ბრწყინვალე სოლორეიდის შემდეგ, წიტაიშვილმა ამ უკანასკნელის გადაცემა ბრწყინვალედ გამოიყენა და „გრანადა“ დააწინაურა.
59-წუთზე ქართველი ფეხბურთელი სტოიჩკოვით შეცვალეს, 61-ე წუთზე კი სტუმრები 10 კაცით დარჩნენ. მთავარმა მსაჯმა უხეშობის გამო მოედნიდან „კასტელონის“ ფეხბურთელი დაირო ჩირინო გააძევა. ამის მიუხედავად, 69-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლეს. გამარჯვების გოლი კი „გრანადამ“ 89-ე წუთზე გაიტანა, რომელიც შეცვლაზე შემოსულ რიკარდს სანჩესს ეკუთვნის.
41 ტურის შემდეგ „გრანადა“ სატურნირო ცხრილში 65 ქულით მე-7 ადგილს იკავებს და ლა ლიგის პლეი-ოფის ზონას, ანუ მე-6 ადგილს, სადაც „ალმერია“ იმყოფება, 1 ქულა აშორებს. მომდევნო ტურში წიტაიშვილის გუნდი სტუმრად სანტანდერის რასინგს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაშიც, მათი საპლეიოფო ზონაში მოხვედრის ბედი „ალმერიაზე“ იქნება დამოკიდებული, რომელიც დასკვნით ტურში მე-20 ადგილოსან და შეიძლება ითქვას, რომ უმოტივაციოდ დარჩენილ „ტენერიფეს“ შეხვდება.
რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილს, ქართველმა შემტევმა „გრანადას“ მაისურით მიმდინარე სეზონში 35-ე შეხვედრა ჩაატარა და მე-7 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემაცაა.