კარგი ამბავი | სპაერი კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში ითამაშებს
რამდენიმე კვირაში სტარტს აიღებს 2025/2026 წლების ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდები.
ახალ სეზონში საქართველოს ევროთასებზე 4 წარმომადგენელი ეყოლება. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყებს ასპარეზობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი, „იბერია 1999“. თბილისური გუნდი განუთესავთა შორის მოხვდა.
რაც შეეხება კონფერენს ლიგას, აქ საქართველოს „ტორპედო“, „დილა“ და „სპაერი“ წარადგენენ. „ტორპედო“ და „დილა“ გათამაშებაში პირველი რაუნდიდან ჩაერთვებიან - ქუთაისელები განუთესავთა შორის, გორელები კი განთესილთა შორის არიან.
რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებულ „სპაერს“, მას სასიამოვნო სიახლე შეეხო. იმის გათვალისწინებით, რომ კონფერენს ლიგის ფინალისტებმა, „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის საგზური, ხოლო „ბეტისმა“ ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა, კლუბების რეიტინგში რამდენიმე ცვლილება შევიდა, რაც „სპაერს“ არა პირველი, არამედ მეორე რაუნდიდან ასპარეზობის უფლებას ანიჭებს.
ზაგრების „დინამო“ ან დონეცკის „შახტარი“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის ნაცვლად პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება; ფინეთის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი „ილვეს ტამპერე“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ნაცვლად ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშებს; მალტისა და საქართველოს თასების გამარჯებულები - „ჰიბერნიანსი“ და „სპაერი“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის ნაცვლად მეორე რაუნდში ითამაშებენ.
ცნობისთვის, „იბერია 1999“, „დილა“ და „ტორპედო“ საკუთარი მეტოქეების ვინაობას 17 ივნისს, ხოლო „სპაერი“ 18 ივნისს შეიტყობს.