ლიდერმა ქულები დებიუტანტთან დაკარგა - დინამო ბათუმის მძიმე მარცხი წყალტუბოში
გუშინ დაწყებული Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XVII ტური დღეს სამი შეხვედრით დასრულდა და სამივეში მაყურებელმა საერთო ჯამში 8 გოლი იხილა. თავდაპირველად „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „გაგრამ“ „თელავი“ 3:0 დაამარცხა, რის შემდეგაც კახელების მოუგებელი სერია 11 მატჩამდე გაიზარდა. ანგარიში 59-ე წუთზე პედრო ბორჟესმა გახსნა, რასაც 84-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილის მიერ გატანილი ეფექტური თავური მოჰყვა. არანაკლებ ლამაზი იყო ცვლილებაზე შესული ილია კაციაშვილის გოლი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი დარტყმის შემდეგ ადგილი რიკოშეტს ჰქონდა და ბურთმა მიმართულება შეიცვალა.
ტიაგო გომეშმა „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი თამაში მოიგო - წყალტუბოელებმა საკუთარ სტადიონზე ბათუმის „დინამო“ მიიღეს და მეტოქე 3:0 დაამარცხეს. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა გიორგი ფანცულაიამ, ხოლო ლუკა ხორხელმა საბოლოო წერტილი პანენკას სტილში შესრულებული 11-მეტრიანით დასვა.
 
XVII ტური „მიხეილ მესხი 2“-ზე დასრულდა, სადაც ნომინალურმა მასპინძელმა „გარეჯმა“ გათამაშების ლიდერს არაფერი დაუთმო და უძვირფასესი ქულები დააკარგვინა. მოქმედმა ჩემპიონმა სწრაფი ბურთის გატანა მოახერხა და ანგარიში ლუკა სილაგაძემ გახსნა, რასაც მსაჯის საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე გიორგი გოგოლაშვილმა უპასუხა და მატჩი ფრედ, 1:1 დამთავრდა.
ჩვიდმეტი ტურის შემდეგ გათამაშების სატურნირო ცხრილს „იბერია“ ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ გორის „დილას“ 6 ქულით უსწრებს. Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მომდევნო ტურის მატჩები 28-29 მაისს გაიმართება.