ბოლქვაძეს გადაასწრო - გორგოძე საქართველოს პირველი ჩოგანია
Aa
Aa
2 აგვისტო 2021  |  23:32

ბოლქვაძეს გადაასწრო - გორგოძე საქართველოს პირველი ჩოგანია

ეკო გორგოძემ პროფესიონალურ კარიერაში, ITF-ის რანგის, მე-17 ტიტული მოიგო! პოლონეთის ქალაქ გროჯისკ მაზოვიეცკიში გამართული ITF-ის 60 000-იანი ტურნირი 29 წლის ქართველის ტრიუმფით დასრულდა.

გამარჯვების შემდეგ, ქართველ ჩოგბურთელს WTA-ს რეიტინგში ქულები მოემატა და ამ მომენტისთვის 469 ქულით მსოფლიოს 163-ე ჩოგანია, ხოლო საქართველოში პირველი. ამ შედეგით ეკომ მარიამ ბოლქვაძეს გადაასწრო, რომელსაც 438 ქულა აქვს და მსოფლიო რეიტინგის 174-ე ნომერია.

ცნობისთვის, მარიამ ბოლქვაძემ სულ ცოტა ხნის წინ ნურ-სულთანის სახელობის 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში ქულები მანაც დაიწერა.

რაც შეეხება გორგოძის ტიტულს, ქართველმა ჩოგბურთელმა, ფინალამდე მხოლოდ 1 სეტი დათმო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მსოფლიოს 249-ე ჩოგანს, ფრანგ ქლოი პაკეს დაუპირისპირდა. პირველ პარტიაში გორგოძე სეტზე აწვდიდა, მაგრამ საბოლოოდ, დაძაბულ ტაიბრეიკზე 9:7 გაიმარჯვა და ანგარიშში დაწინაურდა.

მეორე სეტი ფრანგმა კარგად დაიწყო, რასაც ორი ბრეიკით - 3:0 წინ გასვლა მოჰყვა, ამის შემდეგ ეკომ ძალები დაზოგა და სეტებში წონასწორობა აღდგა. მესამე სეტში კი ქართველი სათამაშო უპირატესობას ფლობდა, რაც ანგარიშშიც გარდასახა და პოლონური ტურნირის ჩემპიონი გახდა - 7:6; 0:6; 6:4.

მატჩი 2 საათსა და 29 წუთს გაგრძელდა. ეკომ 3 ეისი მოაწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 79-დან 45 (57%), ხოლო მეორეზე 23-დან 11 (48%) ქულა მოიგო. 4 ბრეიკი შეასრულა, საკუთარი მოწოდება კი 6-ჯერ დათმო.

გორგოძემ 2019 წლის შემდეგ პირველი ტურნირი მოიგო. გარდა ამისა, კარიერაში 60 000-იან გათამაშებაზე მეორედ (პირველად, 2018 წელს - ჰეხინგენში) გაიმარჯვა. ამაზე მაღალი რანგის ტურნირი მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული - 2018 წელს, ასტანას 80 000-იან შეჯიბრებაზე გაჩემპიონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები