რამაზ სვანაძე, გიორგი ადამია
Aa
Aa

ვიცი, ამ ოცნებისთვის რა რთული გზა გაიარა | ადამიამ სვანაძეზე ისაუბრა

საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბერძენ თანატოლებს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. გიორგი ადამია, რომელმაც 21-წლამდელთა სათავეში რამაზ სვანაძე შეცვალა, მატჩის შემდეგ უკმაყოფილო იყო (იხილეთ).

გიორგი ადამიამ რამაზ სვანაძეზე ისაუბრა:

„ყველამ იცით, რაც დღეს მოხდა, მინდა სვანას მივულოცო ეს წარმატება, ზუსტად ვიცი რამდენად დიდი გზა გაიარა, რამხელა წვალება გაიარა იმისთვის, რო ის თავისი ოცნება აეხდინა, რასაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობა ჰქვია. მინდა მივულოცო ეს თავისი მიზნის მიღწევა და მინდა რომ წარმატება ვუსურვო, როგორც სვანას, ისე მთელ ეროვნულ ნაკრებს.

მინდა ჩვენი ეროვნული ნაკრები ევრო 2028-ზე ვიხილო. დარწმუნებული ვარ, რომ სვანა ამისთვის მაქსიმუმს გაიღებს, რომ ამ წარმატებას ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს და კიდევ ერთხელ გავიხაროთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშით.

რაც შეეხება დებიუტს და პასუხისმგებლობას, ვერ ვიტყვი, რომ იღბლიანი დებიუტი გამომივიდა, თუმცა მაინც რთულია ესე ფორს-მაჟორში რაღაც-რაღაცების გაკეთება, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმი ვეცადეთ, რომ ბიჭების განწყობა აგვემაღლებინა იმისდა მიუხედავად, რო სვანა წავიდა ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ რაც გამოვიდა, ნახეთ თქვენი თვალით.

შესაძლოა, რამაზის წასვლა ბიჭების თამაშზე უარყოფითად აისახა, მაგრამ მე ბიჭებს ვესაუბრე და ავუხსენი, რომ ბიჭებისთვის უფრო დიდი მოტივაცია უნდა ყოფილიყო. უკვე 7 წელია ერთად ვართ და ახლა მისი ეროვნულ ნაკრებში გადასვლა ბიჭებისთვის უფრო მოტივაცია უნდა ყოფილიყო, რადგან უფრო კარგად იცნობს ამ ბიჭებს, უფრო მეტი დაკვირვების ქვეშ იქნება და შანსი აქვთ ამ ბიჭებს, რომ მოხვდნენ ეროვნულ ნაკრებში. მით უმეტეს, ვიცი სვანას შეხედულება, როგორც თავის თამაშებს და მოწინააღმდეგის თამაშებს უყურებს, ასევე იქნება ჩართული და ისე იქნება 21-წლამდე ნაკრების თამაშებზე დამსწრე პიროვნება, როგორც ეროვნულ ნაკრებში''.

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები შინ ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა. დილით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღარ გაწვრთნის, მას რამაზ სვანაძე შეცვლის, რომელიც 21-წლამდე ნაკრებში მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით 2024 წელს საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია და ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზეც კარგად ითამაშეს და მერვედფინალამდე გააღწიეს, სადაც მომავალ ჩემპიონ ესპანეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდნენ. სვანაძის დებიუტი ორშაბათს, 28 სექტემბერს, უკრაინელებთან საშინაო მატჩში შედგება.

დარჩენილ ორ გასვლით მატჩში 21-წლამდე ნაკრებს გიორგი ადამია უხელმძღვანელებს, ჩრდილოეთ ირლანდიასთან (პირველი ოქტომბერი) და გერმანიასთან (6 ოქტომბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები