აღარ მინდა ასეთი თამაში ვიხილო | გიორგი ადამია საბერძნეთთან მარცხზე (U21)
საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბერძენ თანატოლებს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.
გიორგი ადამია, რომელმაც 21-წლამდელთა სათავეში რამაზ სვანაძე შეცვალა, მატჩის შემდეგ უკმაყოფილო იყო:
„სამწუხაროა, რომ თამაში ძალიან მძიმედ დავიწყეთ, პირველ ათ წუთში სტანდარტული სიტუაციებისას ორი გოლი გავუშვით. როცა გუნდი თამაშს 0:2-დან იწყებს, საკუთარ თავში ძალების მოძებნა ცოტა რთულია, რომ თამაში მოატრიალო, თუმცა იყო პერიოდი, ალბათ პირველი ტაიმის მე-20 წუთიდან თამაში ისე დავიწყეთ, როგორც გვინდოდა, შევქმენით მომენტები, თამაშის უპირატესობა ჩვენს მხარეს გადმოვიდა. სამწუხაროდ, ეს გოლში ვერ გარდავსახეთ. მეორე ტაიმშიც იგივე დაგვემართა. მეორე ტაიმის დასაწყისში ვითომ უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო, მაგრამ საბოლოოდ მეორე ტაიმში რაც დაგეგმილი გვქონდა არ გამოვიდა. მეორე ტაიმის შუალედში ტაქტიკური მონახაზი შევცვალეთ. სამწუხაროდ, არც ამან გაამართლა. საბოლოოდ, 0:3 დავმარცხდით.
საბერძნეთს გამარჯვებას ვულოცავ, ძალიან ძლიერი და კარგი გუნდია, თუმცა ეს ჩვენს მარცხს არ ამართლებს.
ორი გასვლითი თამაში დაგვრჩა, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და გერმანიასთან. ჩვენი მიზანია ეს შესარჩევი ღირსეულად ჩავამთავროთ, ორივე მატჩში გამარჯვებისთვის ვითამაშოთ. ვითამაშოთ ისე, როგორც საქართველოს ნაკრებს ეკადრება. აღარ მინდა ესეთი თამაში შემდეგ მატჩებში ვიხილო''.
8 მატჩის შემდეგ ჩვენს გუნდს 9 ქულა აქვს. პირველ-მეორე ადგილებს 21-21 ქულით გერმანია და საბერძნეთი იყოფენ. ჩრდილოეთ ირლანდიას 10 ქულა აქვს, ლატვიას - 5, მალტას - 0.
დარჩენილ ორ გასვლით მატჩში 21-წლამდე ნაკრებს გიორგი ადამია უხელმძღვანელებს, ჩრდილოეთ ირლანდიასთან (პირველი ოქტომბერი) და გერმანიასთან (6 ოქტომბერი).