Aa Aa
31 ივლისი 2021  |  17:33

თითქმის 3-საათიანი მძიმე ბრძოლა - გორგოძის "ქამბექი" და დამსახურებული ფინალი!

ეკო გორგოძეს პოლონეთის ქალაქ გროჯისკ მაზოვიეცკიში მიმდინარე ITF-ის 60 000-იანი ტურნირის ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ქართველმა ჩოგბურთელმა დღეს რთული ნახევარფინალური მატჩი მოიგო.

გორგოძე, რომელიც გათამაშებაზე მე-3 ნომრადაა განთესილი, ახალგაზრდა ფრანგ ტესა ანდრიანჯაფიტრიმოს დაუპირისპირდა და თითქმის 3-საათიანი ბრძოლა გადაიტანა. 

ანდრიანჯაფიტრიმომ პირველი სეტი 6:4-ზე დახურა და მეორეშიც 5:2 დაწინაურდა. თითქოს, თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ეკომ მოუმატა, ზედიზედ 5 გეიმი აიღო და საქმე მე-3 სეტამდე მივიდა. ფრანგი "დისაიდერშიც" 3:1-ით იყო წინ, თუმცა ქართველი გადამწყვეტ მომენტში ამჯერადაც უკეთესად ათამაშდა და მატჩი 2 საათსა და 45 წუთში დაასრულა - 4:6; 7:5; 6:4.

ეკოს არც ეისი მოუწოდებია და არც ორმაგი შეცდომა დაუშვია, პირველ მოწოდებაზე 92-დან 42 (46%), ხოლო მეორეზე 11-დან 4 (36%) ქულა მოიგო. თავად 11 ბრეიკი შეასრულა, საკუთარი გეიმი კი 10-ჯერ დათმო.

ფინალური მატჩი ხვალ გაიმართება და მასში გორგოძის მეტოქე კიდევ ერთი ფრანგი - ქლოი პაკე იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 249-ე ჩოგანია (ეკო 185-ეა).

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში