''ეს უზნეობაა, ხელს ჩვენსკენ იშვერენ'' - ხაბელოვმა ჩოგბურთის ფედერაციას უპასუხა
Aa
Aa

''ეს უზნეობაა, ხელს ჩვენსკენ იშვერენ'' - ხაბელოვმა ჩოგბურთის ფედერაციას უპასუხა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებას უპასუხა, რომელიც ოქსანა კალაშნიკოვას ემოციურ კომენტარს ეხებოდა.

შეგახსენებთ, ოქსანა კალაშნიკოვამ Twitter-ში დაწერა, რომ ოლიმპიდიაზე ასპარეზობის უფლება მიიღო, თუმცა ქართულ მხარეს შესაბამისი განაცხადი არ გაუგზავნია, რის გამოც ოლიმპიდიაზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებაში აღნიშნულია: ''საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებიც მრავალი წელია აღნიშნულ საქმეს ემსახურებიან და კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია იმედს იტოვებს, რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ყველა წესის დაცვით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უმოკლეს დროში დაადგენს და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობებს, რა მიზეზით ვერ მიიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ლიცენზიები და რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ტოკიოს ოლიმპიადაზე რეიტინგით ქართველებზე უკან მდგომი ნაკრები გუნდები''.

ამ თემაზე ლერი ხაბელოვმა CrystalSport-თან ვრცლად ისაუბრა

''ოლიმპიური კომიტეტი ინფორმაციას იღებს ჩოგბურთის ფედერაციისგან, ხოლო ჩოგბურთის ფედერაცია მუშაობს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან. ყველა ფედერაციას ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების სხვადასხვა ფორმები აქვს, რაც ოლიმპიური კომიტეტის კომპეტენციაში არ შედის.

თუ კონკრეტული ჩოგბურთელი შესაბამის სარეიტინგო ქულას დააგროვებს, რაც ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებისთვის საკმარისია, ჩოგბურთის ფედერაცია ოლიმპიურ კომიტეტს გვიგზავნის წერილს, რომ მათი თხოვნა დავაკმაყოფილოთ, მაგრამ მათგან ამ სახის წერილი არ მიგვიღია.

თუ ჩოგბურთის ფედერაცია გაფართოებულ სიას გულისხმობს, ეს სულ სხვა რამეა. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად 10 ჩოგბურთელი იბრძვის ლიცენზიის მოპოვებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ლიცენზიის მოპოვებისთვის შესაბამისი რეიტინგის ქულა დააგროვეს. 10 ჩოგბურთელიდან ლიცენზია რამდენმაც აიღო, ეს ჩოგბურთის ფედერაციამ უნდა დამიდასტუროს. ეს უნდა გაეკეთებინა ჩოგბურთის ფედერაციას, მათ ჩვენთვის ინფორმაცია უნდა მოეწოდებინათ. მათ წერილში ერთადერთი რამ ეწერა, რომ ბასილაშვილმა ლიცენზიის მოპოვებისთვის საჭირო სარეიტინგო ქულა დააგროვა.

ჩოგბურთელები მართავენ მატჩებს და იბრძვიან ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებისთვის, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ბასილაშვილთან დაკავშირებით გვაცნობეს, რომ მან ოლიმპიდიაზე ასპარეზობისთვის შესაბამისი რეიტინგის ქულა დააგროვა, ხოლო სხვა ჩოგბურთელებთან დაკავშირებით მათგან წერილი არ მიგვიღია. ეს ჩოგბურთის ფედერაციის პასუხისმგებლობაა.

ჩოგბურთის ფედერაციამ გამოგვიგზავნა ერთადერთი განცხადება, რომლის მიხედვით ლიცენზია მხოლოდ ბასილაშვილმა მოიპოვა. მათგან სხვა სახის ინფორმაცია არ მიგვიღოა.

თუ მათ რაღაც ვერ გააკეთეს, ვგულისხმობ ჩოგბურთის ფედერაციას და ისინი ხელს ჩვენსკენ იშვერენ, ეს არის უზნეობა.

წარმოიდგინეთ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ვინმეს წაყვანა არ უნდა? რაც მეტი წავა, უკეთესია''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები