როი კინი: "ფელიქსი თვითმარქვიაა! რა ღირს ის, 100 მილიონი ფუნტი?"
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული კაპიტანი როი კინი, პორტუგალია-ბელგიის მატჩის შეფასებისას ჟოაო ფელიქსის თამაშის შემხედვარე გაცხარდა და მის კრიტიკას არ მოერიდა.
„ჟოაო ფელიქსი მოედანზე შევიდა და რა გააკეთა? ეს ბიჭი თვითმარქვიაა. რა ღირს ის, 100 მილიონი ფუნტი? კარში ზუსტად უნდა დაარტყა. მე რომ რონალდუ ვიყო ფელიქსს გასახდელში გავეკიდებოდი. უბრალოდ შოკია!
ბელგია დაცვაში ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა. პორტუგალია კი მოედნის ბოლო მესამედში არადამაჯერებელი იყო. ფელიქსს და ფერნანდეშს თამაშზე გავლენა საერთოდ არ მოუხდენიათ“. - თქვა კინმა ITV-ის ეთერში.
კინთან ერთად სტუდიაში „არსენალის“ ლეგენდა პატრიკ ვიეირაც იმყოფებოდა, რომელმაც ბელგიის ნაკრებზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა.
„არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელგიამ მართლაც კარგი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ფეხბურთში ასეთი ტიპის თამაშით ყველა შეხვედრას ვერ მოიგებ“.
შეგახსენებთ, რომ ბელგია მეოთხედფინალში იტალიას დაუპირისპირდება. რობერტო მარტინესის გუნდს ამ მომენტისთვის დე ბრუინი და აზარი დაშავებული ჰყავს და ჯერჯერობით უცნობია შეძლებენ, თუ არა ნაკრების დახმარებას „სკუადრა აძურას“ წინააღმდეგ.