მაროტა: “პსჟ-ს ულიმიტო ბიუჯეტი ეხმარება“
მიუნხენში, „ალიანს არენაზე“, ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალი გაიმართა და „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ დაუპირისპირდა. პარიზულმა გრანდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო, დომინანტური თამაში აჩვენა და „ნერაძური“ 5:0 გაანადგურა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მილანური კლუბის პრეზიდენტმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა.
მაროტა:
„ყველაზე ნეგატიური საღამო იყო. მოწინააღმდეგემ ყველაფერში გვაჯობა. მესმის იმ გულშემატკივრების უკმაყოფილება, რომლებიც პარიზში ჩამოფრინდნენ. რეალურად, ფინალში გასვლაც ძალიან რთული იყო. ვფიქრობ, ფინალში დამსახურებულად ვითამაშეთ. დიდი მადლობა ფეხბურთელებს და მთავარ მწვრთნელს.
სამწუხაროდ, იტალიაში აღარ არის იმ დონის ჩემპიონატი, რომელშიც ფეხბურთელები სიამოვნებით მოდიან. იმ ხელფასების შეთავაზება, რასაც სხვა ტოპ გუნდები იხდიან, ჩვენ არ შეგვიძლია. მაგალითად პარი სენ ჟერმენს ულიმიტო ბიუჯეტი აქვს და ეს ეხმარება.“
შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენის მხრიდან თავი ხვიჩა კვარაცხელიამაც გამოიჩინა, რომელმაც ნერაძურის მეოთხე გოლი გაუტანა. იქამდე კი მეორე გოლის დროს პრე-ასისტი მიითვალა.
ასევე გეტყვით, ხვიჩა კვარაცხელია გახდა მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო პირველი, ვინც აღნიშნული ტურნირის ფინალში გოლი გაიტანა.